პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი, ბექა ლილუაშვილი წულუკიანის კომისიის მიერ გიორგი გახარიას ხელმეორედ დაბარებას გამოეხმაურა.
"ჩორჩანას ეპიზოდი საქართველოს ისტორიაში ერთადერთი მოვლენა იყო, როცა ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების დაცვა და მცოცავი ოკუპაციის შეჩერება სამხედრო ესკალაციის გარეშე მოხდა [...] ეს პროცესი, რაც წარმოებს - გნებავთ პროკურატურის მხრიდან, გნებავთ საგამოძიებო კომისიის მხრიდან, სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დევნა". - თქვა ლილუაშვილმა.
გიორგი გახარია წულუკიანის კომისიაზე 23 ივნისს ხელმეორედ დაიბარეს. ამჯერად, საქმე ჩორჩანას ეპიზოდს ეხება.
ცნობისთვის, 14 ივნისს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვახტანგ გომელაური საბოტაჟის მუხლით გამოძიების ფარგლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანაში ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედებასთან დაკავშირებით დაიკითხა.





