აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმება "მზადაა" – დარჩენილია მხოლოდ მისი და ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინფინგის ფორმალური ხელმოწერა.
ტრამპის ცნობითვე, პეკინი ვაშინგტონისთვის იშვიათი მეტალებისა და მაგნიტების მიწოდებას გააგრძელებს, ხოლო ჩინელ სტუდენტებს ამერიკულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში სწავლის საშუალება კვლავ მიეცემათ.
ამავდროულად, შენარჩუნდება აშშ-სა და ჩინეთის მიერ ერთმანეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების ამჟამინდელი მოცულობა.
"ჩინეთთან ჩვენი შეთანხმება მზადაა, ექვემდებარება ჩემს და პრეზიდენტი სის საბოლოო თანხმობას. ჩვენ ჯამში 55%-იანი ტარიფი გვექნება, ჩინეთს 10%-იანი. შესანიშნავი ურთიერთობაა!". - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
ამის შემდეგ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის და სი ძინფინგი "ახლოს იმუშავებენ ერთად, რათა ჩინეთი ამერიკული ვაჭრობისთვის ღია გახადონ. ეს დიდი გამარჯვება იქნება ორივე ქვეყნისთვის!"
მოგვიანებით, აშშ-ს ვაჭრობის მინისტრმა ჰოვარდ ლუტნიკმა თეთრ სახლში რეპორტიორებთან საუბრისას თქვა, რომ მისი აზრით, შეთანხმება უახლოეს დღეებში მიიღებდა სრულყოფილ სახეს, ხოლო მისი ტექსტი, სავარაუდოდ, საჯაროდ არ გამოქვეყნდებოდა.
ტრამპის თავდაპირველი პოსტი მიანიშნებს, რომ ჩინეთს, სავარაუდოდ, აშშ-სთვის იშვიათი მეტალების მიწოდების გაგრძელება მოუწევს მანამ, სანამ აშშ მნიშვნელოვან ტექნოლოგიებზე ექსპორტის კონტროლის შერბილებას დათანხმდება. თუმცა, პრეზიდენტის მეორე პოსტი ბუნდოვანს ხდის შესაძლებლობას, რომ ქვეყნებმა ერთმანეთზე დაწესებული ტარიფები კიდევ უფრო შეამცირონ.
ჩინეთზე დაწესებული 55%-იანი ტარიფი, რომელიც ტრამპმა საკუთარ პოსტში ახსენა, თეთრი სახლის მაღალჩინოსნის ცნობით, "საბაზისო" 10%-იან, ფენტანილის კრიზისის გაღრმავებაში ხელშეწყობისთვის 25%-იან და უკვე არსებულ (ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დაწესებულ) 25%-იან ტარიფს მოიცავს.
როდესაც CNBC-მ აშშ-ს ვაჭრობის მინისტრს ჰკითხა, იგივე მოცულობის რჩებოდა თუ არა დაწესებული ტარიფები, ლუტნიკმა უპასუხა, რომ "თქვენ ეს დანამდვილებით შეგიძლიათ, თქვათ".
"სრულ მაგნიტებსა და ნებისმიერ საჭირო იშვიათ წიაღისეულს ჩინეთი წინასწარ მოგვაწოდებს. მსგავსად, ჩვენ მივცემთ ჩინეთს იმას, რაზეც შევთანხმდით, მათ შორის, ჩინელ სტუდენტებს შესაძლებლობას, გამოიყენონ ჩვენი კოლეჯები და უნივერსიტეტები (რაზეც ყოველთვის თანახმა ვიყავი მე!)" - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
5 ივნისს ტრამპსა და ჩინეთის ლიდერს, სი ძინფინგს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელიც ტრამპის მიხედვით დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა. ტრამპმა საუბარი "ძალიან პოზიტიურად" შეაფასა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ზარი ტრამპის ინიციატივით შედგა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე ტრამპი წერდა, რომ ჩინეთმა აშშ-სთან 11 მაისს დადებული სავაჭრო შეთანხმება "სრულად" დაარღვია, ხოლო ჩინეთი აცხადებდა, რომ აშშ-მ სავაჭრო შეთანხმება "მძიმედ დაარღვია" და პეკინი საკუთარი ინტერესების დასაცავად მკაცრ ზომებს მიმართავს.
- ტრამპის თქმით, ჩინეთმა აშშ-სთან დადებული სავაჭრო შეთანხმება დაარღვია
- ჩინეთი აშშ-ს სავაჭრო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
ცნობისთვის, შვეიცარიაში მოლაპარაკებების შემდეგ აშშ და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის პროდუქციაზე ტარიფებს, სულ მცირე, მომდევნო 90 დღის განმავლობაში, მოხსნიდნენ, რის ფარგლებშიც დამატებითი გადასახადები აშშ-მ 30%-მდე შეამცირა, ჩინეთმა კი - 10%-მდე.
გარიგების ფარგლებში, ჩინეთი ასევე აშშ-ს წინააღმდეგ არასატარიფო ზომების "შეჩერებაზე ან გაუქმებაზეც" დათანხმდა.
ამას გარდა, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები "აშშ-ჩინეთის ეკონომიკური და სავაჭრო საკონსულტაციო მექანიზმის" შექმნაზეც შეთანხმდნენ, რათა "მჭიდრო ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროებში საკითხებზე კომუნიკაცია იყოს შენარჩუნებული".
ამასთანავე, სამინისტრო ამბობდა, რომ მხარეები კონსულტაციებს რეგულარულად ან საჭიროებისამებრ გამართავდნენ, თუმცა მას შემდეგ მოლაპარაკებების შესახებ მხარეების მიერ საჯარო განცხადებები აღარ ყოფილა, ხოლო ტრამპის ადმინისტრაციამ დამატებითი შეზღუდვები დააწესა ჩინური კომპანიების მიერ ამერიკული ტექნოლოგიის გამოყენებაზე.





