აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა თქვა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები "ოდნავ შეფერხებულია" და შესაძლოა, დონალდ ტრამპსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინფინგს შორის სატელეფონო ზარის მეშვეობით პროცესის გამოცოცხლება გახდეს საჭირო.
"ვთვლი, რომ მომდევნო კვირებში კიდევ გვექნება მოლაპარაკებები და მჯერა, რომ გარკვეულ ეტაპზე ზარი იქნება პრეზიდენტსა [ტრამპი] და [ჩინეთის კომუნისტური] პარტიის თავმჯდომარე სის შორის," - თქვა ბესენტმა Fox News-თან.
ბესენტის ნათქვამთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი თქვა.
წარსულში ტრამპს არაერთხელ აქვს წამოწეული სი ძინფინგთან სატელეფონო ზარის გამართვის შესაძლებლობა. აშშ-ს პრეზიდენტს ნათქვამი აქვს, რომ 12 მაისს მოლაპარაკებებში პროგრესამდე იგი სის ელაპარაკა, თუმცა ჩინური მხარე ამ ცნობას მუდმივად უარყოფს.
ცნობისთვის, შვეიცარიაში მოლაპარაკებების შემდეგ აშშ და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის პროდუქციაზე ტარიფებს, სულ მცირე, მომდევნო 90 დღის განმავლობაში, მოხსნიდნენ, რის ფარგლებშიც დამატებითი გადასახადები აშშ-მ 30%-მდე შეამცირა, ჩინეთმა კი - 10%-მდე.
გარიგების ფარგლებში, ჩინეთი ასევე აშშ-ს წინააღმდეგ არასატარიფო ზომების "შეჩერებაზე ან გაუქმებაზეც" დათანხმდა.
ამას გარდა, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები "აშშ-ჩინეთის ეკონომიკური და სავაჭრო საკონსულტაციო მექანიზმის" შექმნაზეც შეთანხმდნენ, რათა "მჭიდრო ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროებში საკითხებზე კომუნიკაცია იყოს შენარჩუნებული".
ამასთანავე, სამინისტრო ამბობდა, რომ მხარეები კონსულტაციებს რეგულარულად ან საჭიროებისამებრ გამართავდნენ, თუმცა მას შემდეგ მოლაპარაკებების შესახებ მხარეების მიერ საჯარო განცხადებები აღარ ყოფილა, ხოლო ტრამპის ადმინისტრაციამ დამატებითი შეზღუდვები დააწესა ჩინური კომპანიების მიერ ამერიკული ტექნოლოგიის გამოყენებაზე.





