პოლონეთის პრემიერმინისტრს, დონალდ ტუსკს პოლონეთის პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა.
ტუსკმა მისი მთავრობისადმი ნდობის შესახებ კენჭისყრა მას შემდეგ ჩანიშნა, რაც მისი პარტიის, სამოქალაქო პლატფორმის ლიდერმა და ვარშავის მერმა პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელ კანდიდატთან, კაროლ ნავროცკისთან წააგო.
POLITICO-ს ცნობით, ტუსკმა საპარლამენტო კენჭისყრა 243 ხმით, 210-ის წინააღმდეგ მოიგო.
პოლონეთის პრემიერმინისტრმა 3 ივნისს განაცხადა, რომ 11 ივნისს პარლამენტი მისი მთავრობისადმი ნდობის შესახებ კენჭისყრას გამართავდა, ვინაიდან ქვეყანა "ახალი პოლიტიკური რეალობის წინაშე" იდგა.
"ჩვენ სესიას ახალ პოლიტიკურ რეალობაში ვიწყებთ. პოლიტიკური რეალობა ახალია, ვინაიდან ჩვენ ახალი პრეზიდენტი გვყავს. თუმცა კონსტიტუცია, ჩვენი მოვალეობები და მოქალაქეთა მოლოდინები არ შეცვლილა. პოლონეთს მთავრობა მართავს, რაც დიადი მოვალეობა და პატივია". - თქვა ტუსკმა 3 ივნისს მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის დაწყებისას ვარშავაში.
2025 წლის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, მეორე ტურში, ანდჟეი დუდას პარტია კანონი და სამართალის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კაროლ ნავროცკიმ ხმების 50.89%-ით გაიმარჯვა, ხოლო პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის პარტია სამოქალაქო პლატფორმის ლიდერმა, რაფაუ ტშასკოვსკიმ ხმების 49.11% მიიღო.





