შსს

"პირადი განცხადების საფუძველზე წავიდნენ" – გიორგობიანმა და კოვზიაშვილმა პოსტები დატოვეს

შს მინისტრის მრჩეველმა ნინო გიორგობიანმა და შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა თანამდებობები დატოვეს. 

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ორივე მათგანი "პირადი განცხადების" საფუძველზე წავიდა.

კოვზიაშვილის პოსტს ანი კანკია იკავებს. კანკია იქამდე ივანიშვილის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური იყო.

ნინო გიორგობიანი შსს-ში 2012 წლიდან მუშაობდა. 

2012-2013 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს უფროსი.

2014-2021 წლებში კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი.

2021 წელს გიორგობიანი შსს-დან მთავრობის ადმინისტრაციაში გადაიყვანეს ის 2024 წლის 27 თებერვლამდე სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი იყო. 27 თებერვალს კი ვახტანგ გომელაურის მრჩევლად დაინიშნა.

დღეს, 10 ივნისს ივანიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე საკადრო ცვლილება მოხდა -  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს. სანქცირებულმა ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე ხარებამ თანამდებობაბ დატოვა და პოსტს ამიერიდან რომან ქარცივაძე დაიკავებს. ივანიშვილის შს მინისტრის, გეკა გელაძის მოადგილედ მარიამ ტაბატაძე დაინიშნა.

ივანიშვილის შსს-ში საკადრო ცვლილებების შესახებ 9 ივნისს გახდა ცნობილი. სანქცირებული ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის დირექტორობის ნაცვლად თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. ხოლო თეიმურაზ კუპატაძე, რომელიც კრიმინარული პოლიციის დირექტორობის პოსტს იკავებდა, დაცვის პოლიციის თავჯდომარედ გადაიყვანეს.

კომენტარები