ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის მოადგილედ მარიამ ტაბატაძე დაინიშნა, რომელიც უწყების ინფორმაციით ეკონომიკურ და ლოჯისტიკის დეპარტამენტებს, ასევე სსიპ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს უხელმძღვანელებს.
"მარიამ ტაბატაძე ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრია. 2018 წლიდან იგი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2013-2018 წლებში კი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი იყო. 2005-2013 წლებში მარიამ ტაბატაძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა." - წერს ივანიშვილის შსს.
ტაბატაძის მოადგილედ დანიშვნა არ არის ერთადერთი ცვლილება, რომელიც დღეს, 10 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოხდა - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს. სანქცირებულმა ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე ხარებამ თანამდებობაბ დატოვა და პოსტს ამიერიდან რომან ქარცივაძე დაიკავებს.
ივანიშვილის შსს-ში "საკადრო ცვლილებების" შესახებ 9 ივნისს გახდა ცნობილი. სანქცირებული ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის დირექტორობის ნაცვლად თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. ხოლო თეიმურაზ კუპატაძე, რომელიც კრიმინარული პოლიციის დირექტორობის პოსტს იკავებდა, დაცვის პოლიციის თავჯდომარედ გადაიყვანეს.





