კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსონმ, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შტატში ეროვნული გვარდიის გაგზავნის გადაწყვეტილებას "უკანონო" უწოდა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს.
"ეს დიქტატორის საქციელია და არა პრეზიდენტის". - წერს გუბრნატორი პლატფორმა X-ზე.
ლოს-ანჯელესის პოლიციის განცხადებით, 8 ივნისს 10, ხოლო 7 ივნისს 29 პირი დააკავეს.
აშშ-ს საიმიგრაციო პოლიტიკის გასაპროტესტებლად დემონსტრანტები მექსიკის დროშებით ქალაქის სხვადასხვა ნაწილში შეიკრიბნენ. პოლიციამ შეკრებების ნაწილი კანონგარეშედ გამოაცხადა.
პოლიცია დაკავებულებს სხვადასხვა საგნის სამართალდამცავების მიმართულებით სროლას ედავება. დემონსტრანტების ერთ ჯგუფს ლოს-ანჯელესის მთავარი, 101-ე, მაგისტრალიც ჰქონდა გადაკეტილი.
FBI-მ 50 000 დოლარის ოდენობის ჯილდო გამოაცხადა იმ პირის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის, რომელმაც პარამაუნტში პოლიციის მანქანებს ქვები დაუშინა და ფედერალური ოფიცერი დააზიანა.
ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა 8 ივნისს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროტესტი კონტროლიდან გამოდის.
მისი თქმით, ეროვნული გვარდიის გამოყენების საჭიროება ჯერ არ არსებობს, თუმცა 8 ივნისს მომხდარი "ძალადობის ფონზე ხელახალი შეფასებაა საჭირო".
ეროვნული გვარდიის 300 ჯარისკაცი ამჟამად ლოს-ანჯელესის სამ ლოკაციაზეა მობილიზებული და მათი მისია ფედერალური შენობებისა და პერსონალის დაცვით შემოიფარგლება.
დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დემონსტრანტებს "ძალადობრივი, ამბოხებული ბრბო" უწოდა და ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსს ეროვნული გვარდიის გამოყენებისკენ მოუწოდა.
"თუ დავინახავთ საფრთხეს ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების მიმართ, რეაქცია იქნება ძალიან ძლიერი, კანონისა და წესრიგის თვალსაზრისით". - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
კითხვაზე განიხილავს თუ არა, 1807 წლის ამბოხების აქტის გამოყენებას (Insurrection Act), რომელიც პრეზიდენტს სამოქალაქო არეულობების ჩასახშობად შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლებას აძლევს, ტრამპმა თქვა, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე "არის თუ არა ეს ამბოხება".
თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის განცხადებით, პენტაგონი მზად არის გამოიყენოს არმია, თუ ლოს-ანჯელესში ძალადობა გაგრძელდება.
ლოს-ანჯელესში განვითარებულ მოვლენებს მექსიკის პრეზიდენტი, კლაუდია შეინბაუმიც გამოეხმაურა.
"არ ვეთანხმებით იმიგრაციის პრობლემის ასე გადაწყვეტას. პრობლემა ვერ მოგვარდება რეიდებით ან ძალადობით. საჭიროა დავსხდეთ და კომპლექსურ რეფორმაზე ვიმუშაოთ". - განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა.
8 ივნისს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ს ეროვნული გვარდიის 2 000 წევრი ლოს-ანჯელესში გაგზავნა, მას შემდეგ რაც ქალაქში აშშ-ს საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) საქმიანობის წინააღმდეგ პროტესტი არეულობაში გადაიზარდა.
პროტესტი 7 ივნისს დაიწყო, როდესაც ICE-მა ქალაქის მასშტაბით 44 პირი დააკავა, რომლებიც მათი ინფორმაციით აშშ-ში არალეგალურად იმყოფებოდნენ.





