ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ს მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) 4 მოსამართლის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.
ნეთანიაჰუს თქმით, აღნიშნული მოსამართლეები პოლიტიზებულები არიან.
"მადლობა პრეზიდენტ ტრამპ და სახელმწიფო მდივანო რუბიო იმისთვის, რომ სანქციები დაუწესეთ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პოლიტიზებულ მოსამართლეებს". - წერს ნეთანიაჰუ პლატფორმა X-ზე.
ისრაელის პრემიერმინისტრის თქმით, ამ გადაწყვეტილებით ტრამპის ადმინისტრაციამ "სამართლიანად დაიცვა ისრაელის, აშშ-სა და ყველა დემოკრატიული ქვეყნის უფლება, დაიცვას საკუთარი თავი ველური ტერორისგან".
ტრამპის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ოთხ მოსამართლეს ფინანსური სანქციები დაუწესა. გადაწყვეტილება ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მხრიდან სავარაუდო სამხედრო დანაშაულებზე ICC-ის ტრიბუნალის გამოძიებასა და ICC-ის მიერ ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერის გაცემას უკავშირდება.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ სანქციები დაწესდა შემდეგ ოთხ პირზე: სოლომი ბალუნგი ბოსა (უგანდა), ლუს დელ კარმენ იბანიეს კარანსა (პერუ), რეინ ადელაიდ სოფი ალაპინი განსუ (ბენინი) და ბეტი ჰოლერი (სლოვენია).





