ისრაელი-აშშ

ნეთანიაჰუს თქმით, აშშ-სა და ჰუსიტებს შორის ზავის შემდეგ ისრაელი დამოუკიდებლად დაიცავს თავს

ბენიამინ ნეთანიაჰუ
Reuters

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი თავს დამოუკიდებლად დაიცავს, მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰუსიტებთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია.

"ისრაელი თავს დაიცავს დამოუკიდებლად, თუ სხვებიც, ჩვენი ამერიკელი მეგობრები, შემოგვიერთდებიან, უკეთესი იქნება, მაგრამ თუ ასე არ იქნება, ჩვენ მაინც დავიცავთ თავს". - თქვა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა 8 მაისს განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა შეძლოს დამოუკიდებლად დაიცვას თავი ნებისმიერი მტრისა და მუქარის წინააღმდეგ

"ასე იყო წარსულში მრავალი გამოწვევის წინაშე და ასე იქნება მომავალშიც". - აღნიშნა კაცმა.

დონალდ ტრამპის თქმით, ჰუსიტებმა კაპიტულაცია გამოაცხადეს და აშშ მათზე იერიშების მიტანას შეწყვეტს

მისი თქმით, ჰუსიტები დათანხმდნენ, რომ ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელოვან საზღვაო მარშრუტებზე გემების გადაადგილებას ხელს აღარ შეუშლიან.

"მათ გვითხრეს, გთხოვთ, აღარ დაგვბომბოთ და ჩვენ აღარ დავესხმებით თქვენს გემებს, ვიღებ მათ სიტყვას და ჰუსიტების დაბომბვას დაუყოვნებლივ შევწყვეტთ". - განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში კანადის პრემიერმინისტრ მარკ კარნისთან შეხვედრისას.

დაჯგუფების უმაღლესი პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელმა, მაჰდი ალ-მაშატმა განაცხადა, რომ ჯგუფი გააგრძელებს ღაზის მხარდაჭერას და ასეთი თავდასხმები გაგრძელდება.

"ყველა სიონისტს ვეუბნები, დარჩით თავშესაფრებში ან დატოვეთ ქვეყანა დაუყოვნებლივ, რადგან თქვენი წარუმატებელი მთავრობა ვეღარ დაგიცავთ". - განაცხადა ალ-მაშატმა.

მანამდე, 6 მაისს, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ჰუსიტების თავდასხმების პასუხად იემენში მათ მიერ კონტროლირებულ სანაას საერთაშორისო აეროპორტზე საჰაერო იერიში მიიტანეს და “სრულად გათიშეს”. 

ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, ცემენტის ქარხანაზე იერიში "რეჟიმის ეკონომიკასა და სამხედრო მზადებაზე დარტყმას წარმოადგენს". 

კომენტარები