გამოცემა Axios ორ ისრაელელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპი და მისი მრჩევლები საჯაროდ თავს აჩვენებდნენ, რომ ისრაელის იერიშს ეწინააღმდეგებოდნენ.
წყაროების თქმით, კერძო საუბრებში ამერიკულ მხარეს რეალურად წინააღმდეგობა არ გამოუთქვამს.
"ჩვენ გვქონდა აშკარა მწვანე შუქი აშშ-სგან". - აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ.
ისრაელელი მაღალჩინოსნების თქმით, ამგვარი მიდგომის მიზანი მოულოდნელობის ეფექტის შენარჩუნება იყო, რათა სამიზნე სიაში მყოფი ირანელი პირების სხვა ლოკაციებზე გადაყვანა არ მომხდარიყო.
გამოცემა წერს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩევლებმა ისრაელელ ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდეს, რომ თითქოს 9 ივნისს გამართული სატელეფონო ზარისას ტრამპს თავდასხმის შეჩერება სურდა, მაშინ როდესაც რეალურად სატელეფონო საუბარი თავდასხმამდე კოორდინაციის საკითხებს ეხებოდა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანის მარკო რუბიოს თქმით, ისრაელის თავდასხმა "ცალმხრივი" იყო და აშშ მასში ჩართული არ ყოფილა.
ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, 13 ივნისს ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით "აღმავალი ლომი" დაიწყო, რომლის ფარგლებში ირანის ტერიტორიაზე ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების გასანეიტრალებლად 200-მდე ავიაგამანადგურებელი გაიგზავნა.





