ისრაელი-აშშ

ბაიდენის ადმინისტრაციამ ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე ისრაელს ულტიმატუმი წაუყენა

მარცხნიდან მარჯვნივ - ლოიდ ოსტინი, ენტონი ბლინკენი და ჯო ბაიდენი
Drew Angerer/Getty Images

ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელის ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა: იმოქმედოს ღაზაში განვითარებული ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად ან შეეზღუდოს აშშ-ს სამხედრო დახმარება სამომავლოდ. 

13 ოქტომბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანთსა და ისრაელის მინისტრს სტრატეგიული ურთიერთობების საკითხებში, რონ დერმერს ოფიციალური წერილი გაუგზავნეს, რომელშიც მათ შეშფოთება გამოთქვეს ღაზის სექტორში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით. ბლინკენმა და ოსტინმა ისრაელისგან ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფა მოითხოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს, გამოცემა Politico-ს ცნობით, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ უთხრა. 

კირბიმ დაადასტურა გამოცემა CNN-ის მიერ გავრცელებული ცნობები წერილის შესახებ, რომელშიც ამერიკელი მაღალჩინოსნები ისრაელის მთავრობას "ტრაექტორიის შესაცვლელად, დაუყოვნებელი და მდგრადი ქმედებებისკენ მოუწოდებენ". 

როგორც Politico წერს, წერილის მიხედვით, ისრაელს აშშ-სგან 30 დღე ეძლევა, რათა "აჩვენოს ძალისხმევა აშშ-ს მოწოდებების შესასრულებლად", წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აშშ-მ შესაძლოა, ისრაელს სამხედრო დახმარება შეუზღუდოს. 

წერილში ბლინკენი და ოსტინი ასევე აკონკრეტებენ იმ ნაბიჯებს, რომლებიც ისრაელმა უნდა გადადგას, რათა თავიდან აიცილოს ღაზის სექტორში შიმშილის რისკი, მათ შორის, ზამთრამდე ტერიტორიაზე 4 მთავარი მაგისტრალით შეუშვას, სულ მცირე, 350 სატვირთო მანქანა. ასევე, წერილის მიხედვით, ლოიდსა და ოსტინს სურთ აშშ-სა და ისრაელის მთავრობებს შორის შეიქმნას ახალი საკომუნიკაციო არხი, რომლითაც თვის ბოლომდე ღაზის მშვიდობიან მოსახლეობასთან დაკავშირებულ ინციდენტებს განიხილავენ. 

ბაიდენის ადმინისტრაციას ასევე სურს, რომ ისრაელმა ღაზაში შემდეგი 4 თვის განმავლობაში პერიოდულად სამხედრო მოქმედებები შეაჩეროს, რათა უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფების შესვლა სექტორში, რომლებიც მოსახლეობას საკვებით, მედიკამენტებითა და ვაქცინებით დაეხმარებიან. 

კირბიმ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ წერილი "მუქარად არ უნდა იქნეს აღქმული", არამედ ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობის საკითხზე ქვეყნებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის ნაწილად. 

"ეს არის ის, რისი გაკეთებაც შენს მოკავშირესთან ერთად შეგიძლია. და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ისრაელს დავუკავშირდით, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ამგვარი კომუნიკაცია აღარ დაგვჭირდება", - თქვა აშშ-ს უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა რეპორტიორებთან საუბრისას. 

კომენტარები