უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, პავლო პალისას თქმით, რუსეთი მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ ნაწილის ოკუპაციას და ოდესისა და მიკოლაივის მიმართულებით წინსვლას გეგმავს.
პალისას მტკიცებით, რუსეთს უფრო ფართო გეგმის ფარგლებში შავ ზღვაზე უკრაინის წვდომის შეზღუდვა სურს.
"სამწუხაროდ, ისინი მშვიდობაზე არ საუბრობენ. ისინი ომისთვის ემზადებიან". - აღნიშნა პალისამ ვაშინგტონში უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) მონაცემებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ 2025 წლის შემოდგომამდე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს სრულად დაიკავებს და უკრაინის ჩრდილოეთ საზღვარზე ბუფერულ ზონას შექმნის.
მანამდე გამოცემა New York Times წერდა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინაში რუსეთის ნელი წინსვლის შემდეგ, მიმდინარე წელს რუსული ძალები ბრძოლის ველზე შედარებით სწრაფად მიიწევენ და ჩრდილოეთ უკრაინაში მორიგი ფრონტიც კი გახსნეს. ამ ფონზე გამოცემა წერს, რომ უკრაინაში კრემლის ზაფხულის იერიში, როგორც ჩანს, დაწყებულია.
სამხედრო ანალიტიკოსებზე დაყრდნობით NYT წერს, რომ უკრაინასთან 2022 წლის შემდეგ პირველი პირდაპირი მოლაპარაკებების პარალელურად, მაისის თვეში რუსულმა ძალებმა მორიგი კონცენტრირებული მცდელობა დაიწყეს ფრონტზე გარღვევის მისაღწევად.
კერძოდ, გამოცემის ინფორმაციით, რუსული ძალები უკრაინის კონტროლირებად დონბასის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში წინსვლას ცდილობენ. სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, ზამთარი მათ აღჭურვილობის რეზერვების შესავსებად, ბრძოლის ველზე კომუნიკაციების გასაუმჯობესებლად და ტაქტიკების შესაცვლელად გამოიყენეს.





