კოალიცია ძლიერი საქართველო

დოლიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება გავიდეთ კოალიცია ძლიერი საქართველოდან

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე

ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტია ხალხისთვის ტოვებს კოალიცია ძლიერ საქართველოს და დამოუკიდებლად მუშაობას განაგრძობს. 

"მეგობრებო, მივიღეთ გადაწყვეტილება გავიდეთ კოალიცია ძლიერი საქართველოდან და დავუბრუნდეთ დამოუკიდებელ საქმიანობას.

დიდი მადლობა ნდობისთვის ყველა ადამიანს, ვინც არჩევნებში ხმა მისცა პარტიას პარტია ანა დოლიძე - ხალხისთვის და ამავე დროს ენდო "ძლიერ საქართველოს."

ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ არ მიგვეცა საშუალება ბიძინა ივანიშვილისთვის მოეპარა თქვენი ხმები და დაეზიანებინა საქართველოს ევროპული კურსი. ამ მიზნით გვერდით გადავდეთ ჩვენი ამბიციები და ჩვენი მიზნები. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო საქართველოს ინტერესები და სიყვარული.

ამავე დროს, ჩვენ შევქმენით კოალიციური თანამშრომლობის მშვენიერი ტრადიცია, რასაც აუცილებლად დავნერგავთ და გავაგრძელებთ მომავალშიც, რაც ასე ჭირს ქართულ პოლიტიკურ კულტურაში.  თუმცა, ახლა დრო არის, რომ პარტია ხალხისთვის დაუბრუნდეს საკუთარ მიზნებს და ამოცანებს. ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან და ეს თანამშრომლობა გადის ახალ ეტაპზე, ვინაიდან გვაქვს ამბიცია გავხდეთ ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამკვირვებელი წევრი. 

ვფიქრობთ, რომ ეს თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად განვითარდეს პარტია ხალხისთვის, განაგრძოს საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა და მნიშვნელოვნად დაუჭიროს მხარი ჩვენს ევროპულ არჩევანს”. - წერს დოლიძე.

ცნობისთვის, კოალიცია ძლიერი საქართველოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძე TV ფორმულას ეთერში 2 ივნისს თქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე "თბილისის წართმევა და გათავისუფლება ბოროტი, ძალადობრივი და რუსული ქოცობისგან არის შესაძლებელი".

ადგილობრივი არჩევნების შესახებ ისაუბრა პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამაც და თქვა, რომ ემზადება ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის.

კომენტარები