კოალიცია ძლიერი საქართველო

მურუსიძის სასამართლოში ვიბარებთ თეა წულუკიანს – ძლიერი საქართველო

კადრი ვიდეოდან / ტვ პირველი

კოალიცია ძლიერი საქართველო ივანიშვილის წარმომადგენლის, თეა წულუკიანის სასამართლოში დაკითხვას ითხოვს, ამის შესახებ ბრიფინგზე კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

"მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების არალეგიტიმურ პარლამენტში, ივანიშვილის დავალებით, თეა წულუკიანმა მოაწყო ფარსი, ცირკი, რომელში მონაწილეობაზეც კოალიცია ლელო ძლიერმა საქართველომ განვაცხადეთ უარი, რადგან ამ ტიპის საცირკო წარმოდგენაში მონაწილეობას არ ვაპირებდით, არ ვაპირებთ, რომ ლეგიტიმაცია მივანიჭოთ არალეგიტიმურ პარლამენტს და თავის მხრივ მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ არა მხოლოდ ივანიშვილს, არამედ შემსრულებლებსაც, მათ შორის, თეა წულუკიანს.

შესაბამისად, მურუსიძის სასამართლოში ვიბარებთ თეა წულუკიანს, რომელიც არის ვალდებული, კეთილი ინებოს და გამოცხადდეს მისივე სასამართლოში. პასუხის აგოს იმ დანაშაულებრივ ცილისწამებაზე და პროპაგანდაზე, რაც მან აწარმოა კოალიცია ძლიერი საქართველოს, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ". - თქვა კუპრაძემ.

ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.

ჯაფარიძისთვის 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

ოცნების კომისიაზე არ მისვლის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით, 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერს, მამუკა ხაზარაძესაც. 

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გირაოს გადახდისთვის ხაზარაძეს 30-დღიანი ვადა მისცა.

ხაზარაძისთვის 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. დაცვის მხარე ხაზარაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

ცნობისთვის, ხაზარაძეს პროკურატურამ ბრალი წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის მუხლით პირველ აპრილს წარუდგინა.

კომენტარები