კოალიცია ძლიერი საქართველო

ძლიერი საქართველო: სიყალბეა, რომ პარტიის წევრი მოსკოვში გავგზავნეთ - მივმართავთ ქარტიას

კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს განცხადებით, რამდენიმე დღეა მათი კოალიციის წინააღმდეგ სამთავრობო პროპაგანდისტული მედიები დეზინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მოსკოვში პარტიის წევრი გაგზავნა. 

კოალიციის განმარტებით, მათ წევრი, თამარ რომელაშვილი მოსკოვში ოჯახის წევრის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. 

"ორი დღეა ლელო-ძლიერი საქართველოს მიმართ პროპაგანდისტული რუსთავი 2-ის ეთერით ვრცელდება დეზინფორმაცია და ცილისწამება, თითქოს, "მამუკა ხაზარაძემ 9 აპრილს მოსკოვში პარტიის წარმომადგენელი მიავლინა, რომელიც იქ კონფიდენციალურ შეხვედრებს მართავს" (ციტატა სიუჟეტიდან).

ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიყალბე და მიზნად ისახავს ლელო-ძლიერი საქართველოს და მისი ლიდერის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რასაც არ დავუშვებთ!

ლელო-ძლიერი საქართველო დღიდან მისი დაარსებისა, ეფუძნება და ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ქვეყნის ევროპული ღირებულებების ყველაზე დიდი დამცველი და გამტარებელია!

ეს არის პარტია, რომელიც 5 წელია ხმამაღლა ამხელს ქართული ოცნების რუსულ რეჟიმს და არალეგიტიმური მთავრობის კავშირს ოკუპანტ სახელმწიფოსთან, რაც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია და შესაბამისად, პროპაგანდისტული მედიის მცდელობა, КГБ-ს მეთოდებით გასვაროს ყველაზე მყარი და მზარდი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, უშედეგოა და არავინ დაიჯერებს!

რაც შეეხება პარტიის წევრს, თამარ რომელაშვილს, ის მოსკოვში, ოჯახის წევრის დაკრძალვაზე იმყოფება. როგორც ჩანს, მისი გადაადგილება საზღვარზე სპეცსამსახურის ყურადღების ქვეშ მოექცა, რომელმაც სავარაუდოდ ეს "სკანდალური" ინფორმაცია პირდაპირ პროპაგანდისტულ მედიას გაუგზავნა და მათაც მორიგი, ამორალური, ცილისმწამებლური სიუჟეტი გაავრცელეს კოალიციის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციის მიზნით!" - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. 

აღნიშნულ დეზინფორმაციაზე რეაგირებისთვის ლელო-ძლიერი საქართველო ეთიკის ქარტიას მიმართავს.

კომენტარები