რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პაპმა ლეო XIV-მ პუტინთან საუბრისას რუსეთს მოუწოდა, უკრაინაში მშვიდობისკენ ნაბიჯი გადადგას

პაპი ლეო მეთოთხმეტე
Vatican Media

4 ივნისს პაპი ლეო XIV რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და მასთან ძირითადად უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი განიხილა

წმინდა საყდრის პრესსამსახურის დირექტორმა, მატეო ბრუნიმ რეპორტიორებს განუცხადა, რომ პაპმა და პუტინმა ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე ისაუბრეს, ისევე როგორც დახმარების ხელშეწყობაზე იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს. 

"პაპმა მოუწოდა რუსეთს, გამოიჩინოს ისეთი ჟესტი, რომელიც მშვიდობის დამყარებას დაეხმარება, [მან] ხაზგასმით აღნიშნა დიალოგის მნიშვნელობა, რათა შეიქმნას პოზიტიური კავშირები მხარეებს შორის და გამოინახოს კონფლიქტის გადაჭრის გზები". - წერია განცხადებაში.

ვატიკანის მიხედვით, პაპმა ლეო XIV-მ და ვლადიმირ პუტინმა ასევე განიხილეს პატიმრების გაცვლის მხრივ ძალისხმევა და ის როლი, რასაც ბოლონიის მთავარეპისკოპოსი, კარდინალი მატეო მარია ძუპი, ამ კუთხით ასრულებს. 

"პაპმა ლეომ ახსენა პატრიარქი კირილე, მადლობა გადაუხადა მას პონტიფიკატის დაწყებისას მიღებული მილოცვისთვის და ხაზი გაუსვა, რომ საერთო ქრისტიანული ღირებულებები შეიძლება, იყოს სინათლე, რომელიც მშვიდობის პოვნაში, სიცოცხლის დაცვასა და გულწრფელი რელიგიური თავისუფლების მიღწევაში დაგვეხმარება," - თქვა ბრუნიმ. 

მანამდე სატელეფონო ზართან დაკავშირებით კრემლი წერდა, რომ ლეო XIV-სთან უკრაინის საკითხზე საუბრისას პუტინმა ხაზი გაუსვა "კრიზისის ძირეული მიზეზების" აღმოფხვრის მნიშვნელობას. კრემლის მიხედვით, პუტინმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ "წმინდა საყდარი უფრო აქტიურად გამოხატავს მხარდაჭერას უკრაინაში რელიგიური თავისუფლების დაცვის საკითხში". 

ცნობისთვის, 18 მაისს კათოლიკე ეკლესიის ახალი პონტიფექსის საინაუგურაციო ცერემონიის შემდეგ, უკრაინის დელეგაცია პაპ ლეო XIV-ეს შეხვდა. 

პლატფორმა X-ზე გავრცელებულ განცხადებაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პაპს მადლობა გადაუხადა აუდიენციისთვის და აღნიშნა, რომ წმინდა საყდარს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრებაში.

კომენტარები