აშშ-სირია

2012 წლის შემდეგ პირველად, სირიაში აშშ-ს ელჩის რეზიდენციაზე აშშ-ს დროშა აღიმართა

აშშ-ს დროშა დამასკოში აშშ-ს ელჩის რეზიდენციაზე, 29 მაისი, 2025

აშშ-ს პრეზიდენტის ახლადდანიშნულმა სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიაში, თომას ბარაკმა დამასკოში პირველი ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა, რომ სირიასა და ისრაელს შორის მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს

ბარაკმა 2012 წლის შემდეგ დამასკოში აშშ-ს ელჩის რეზიდენციაზე პირველად აღმართა აშშ-ს დროშა, რაც, 13 მაისს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სირიისთვის სანქციების მოხსნასთან ერთად, აშშ-სირიის ურთიერთობების მკვეთრ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს. 

სირიაში აშშ-ს საელჩო 2012 წლის თებერვალში, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის პერიოდში დაიხურა თითქმის 1 წლის შემდეგ, რაც ასადის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები სასტიკ კონფლიქტში გადაიზარდა და ქვეყანაში 10 წელზე მეტხანს გაგრძელდა. 

"სირია და ისრაელი მოგვარებადი პრობლემაა, თუმცა ეს დიალოგით იწყება. ვიტყოდი, რომ საჭიროა, დავიწყოთ მხოლოდ შეთანხმებით – აგრესიის არგამოყენების შესახებ და მოლაპარაკებებით – ლიმიტებისა და საზღვრების შესახებ". - თქვა ბარაკმა დამასკოში რეპორტიორებთან საუბრისას. 

ბარაკმა ასევე აღნიშნა, რომ სირია აშშ-ს მიერ ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად გამოცხადებული აღარ იქნება და დაამატა, რომ ეს საკითხი "ასადის რეჟიმის დამხობასთან ერთად მოგვარდა". 

"ამერიკის მიზანი და პრეზიდენტის ხედვა არის ის, რომ ამ ახალგაზრდა მთავრობას შანსი უნდა მივცეთ არა ჩარევით, მოთხოვნებით, პირობების წაყენებით თუ ჩვენი კულტურის თქვენ კულტურაზე დაძალებით". - აღნიშნა ბარაკმა. 

თომას ბარაკი, რომელიც ამჟამად თურქეთში აშშ-ს ელჩიცაა, სირიაში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლად 23 მაისს დაინიშნა.

ცნობისთვის, ბაშარ ალ-ასადი, რომელიც სირიას 24 წლის განმავლობაში მართავდა, გასული წლის დეკემბერში ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰაიათ თაჰრირ ალ-შამმა (HTS) დაამხო. ქვეყნის გარდამავალი პერიოდის მთავრობის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა დეკემბერში ასადის რეჟიმის დასამხობად საბრძოლო მოქმედებებს მეთაურობდა.

კომენტარები