აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სირიაზე დაწესებულ აშშ-ს სანქციებს აუქმებს, რათა ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ქვეყანას "შანსი მიეცეს."
ამასთანავე, გამოცემა Axios-ის ცნობით, 14 მაისს პრეზიდენტ ტრამპსა და სირიის ახალ პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას შორის შეხვედრის გამართვაა მოსალოდნელი.
ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ სირიის ახალი მთავრობა ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობის დამყარებას შეძლებს და მშვიდობას შეინარჩუნებს. აშშ-ს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-სირიის ურთიერთობებში ნორმალიზაციის პროცესს გაგრძელებს.
"საუდის არაბეთის პრინცთან [მუჰამედ ბინ სალმანთან] და ასევე თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან სირიაში არსებული ვითარების განხილვის შემდეგ... მე გავცემ ბრძანებას სირიის წინააღმდეგ სანქციების შეწყვეტის თაობაზე, რათა მათ დიდებულებისკენ შანსი მივცეთ". - თქვა ტრამპმა.
ამასთანავე, რეპორტიორების კითხვაზე, მოელის თუ არა იგი საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში ალ-შარაასთან შეხვედრას, ტრამპმა უპასუხა: "დიახ, ასე მგონია".
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მისი სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო თურქეთში ვიზიტისას თავის სირიელ კოლეგას შეხვდება.





