საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო სხდომას ეხმაურებიან.
ორგანიზაციების განცხადებით, სხდომის პატარა დარბაზში ჩატარება, არღვევს საჯარო განხილვის პრინციპს, რომელიც სამართლიანი სასამართლო განხილვის შემადგენელი ნაწილია.
"დღეს, 29 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა უკვე დასრულდა. სხდომის დაწყებამდე 20 წუთით ადრე შეიცვალა სასამართლო სხდომის დარბაზი და პროცესი მცირე დარბაზში (11 დარბაზი) გადავიდა.
მსურველების დიდ ნაწილს, მათ შორის, მედიის და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ სასამართლო პროცესს, სასამართლო სხდომას ვერ დაესწრო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარმომადგენლებიც.
სასამართლოს მხრიდან პროცესის ამგვარი ორგანიზება, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე სხდომა პატარა დარბაზში ჩატარდა, არღვევს საჯარო განხილვის პრინციპს, რომელიც სამართლიანი სასამართლო განხილვის შემადგენელი ნაწილია. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სასამართლოს ამ საკითხის აღმოფხვრის გონივრული შესაძლებლობა ჰქონდა, სხდომის დაწყების მომენტისთვის თავისუფალი იყო სასამართლოში არსებული ორი ყველაზე დიდი დარბაზი (პირველი და მეორე დარბაზები)" . - ნათქვამია განცხადებაში.
29 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო სხდომა გაიმრთა. პროცესზე ბაჩიაშვილმა პირველი საჯარო განცხდება გააკეთა მისი დაკავების შემდეგ და დაკავების პროცესზე ისაუბრა.
მისი განმარტებით, ქართულ მხარეს ექსტრადირების კანონიერი საფუძველი არ ჰქონია, რადგან ინტერპოლს ძებნა შეჩერებული ჰქონდა. ამიტომ "მიმართეს ბანდიტურ გზად და მოტაცებით ჩამოიყვანეს საქართველოში".
"24 მაისს მე საზღვარგარეთიდან გამიტაცეს. თვალები ამიხვიეს და 2 დღე თვალებახვეული მატარეს - ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლისა და ოჯახის შეტყობინებისა და დალაპარაკების გარეშე. შემდეგ, პირდაპირ მოტაცებული ჩამტენეს აირზენას თვითმფრინავში და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ყველა კანონის დარღვევით, მოტაცებული საქართველოში ჩამომიყვანეს" - აღნიშნა ბაჩიაშვილმა.
სუს-მა 27 მაისს გაავრცელა განცხადება, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს.
რის შემდეგაც, გიორგი ბაჩიაშვილის საერთაშორისო იურიდიულმა გუნდმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ის საქართველოში იძულებითი დაბრუნების შემდეგ წამების დაუყოვნებლივი საფრთხის წინაშე დგას.
4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილის თქმით, ამისთვის "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები" გამოიყენა. მისი დახმარებისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა.
ამის შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუფარდეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს. 10 მარტს კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ბიტკოინების საქმეზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა და თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გარდა ამისა, პირველ მაისს, სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა.





