რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

NYT: სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე, რუსეთმა უკრაინაში ახალი იერიში წამოიწყო

უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსული დრონებით იერიშის შედეგი, მაისი, 2025 წ.
leb Garanich/Reuters

გამოცემა New York Times წერს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინაში რუსეთის ნელი წინსვლის შემდეგ, მიმდინარე წელს რუსული ძალები ბრძოლის ველზე შედარებით სწრაფად მიიწევენ და ჩრდილოეთ უკრაინაში მორიგი ფრონტიც კი გახსნეს. ამ ფონზე გამოცემა წერს, რომ უკრაინაში კრემლის ზაფხულის იერიში, როგორც ჩანს, დაწყებულია.

სამხედრო ანალიტიკოსებზე დაყრდნობით NYT წერს, რომ უკრაინასთან 2022 წლის შემდეგ პირველი პირდაპირი მოლაპარაკებების პარალელურად, მაისის თვეში რუსულმა ძალებმა მორიგი კონცენტრირებული მცდელობა დაიწყეს ფრონტზე გარღვევის მისაღწევად.

კერძოდ, გამოცემის ინფორმაციით, რუსული ძალები უკრაინის კონტროლირებად დონბასის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში წინსვლას ცდილობენ. სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, ზამთარი მათ აღჭურვილობის რეზერვების შესავსებად, ბრძოლის ველზე კომუნიკაციების გასაუმჯობესებლად და ტაქტიკების შესაცვლელად გამოიყენეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბრძოლის ველზე ცალკეული წარმატებების მიუხედავად, რუსეთის წინსვლა ნელი რჩება და მხოლოდ ანალიტიკოსების მცირე ნაწილი მოელის, რომ ეს რუსეთს ამ ზაფხულს გადამწყვეტ გამარჯვებას მოუტანს.

უკრაინულ სამხედრო-ანალიტიკურ პროექტ DeepState-ზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ამ თვეში რუსეთმა გააორმაგა ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც მან აპრილში დაიპყრო და ყოველდღიურად დაახლოებით 14 კვადრატულ კილომეტრს იღებდა. ამ მონაცემებით, მაისის თვეში რუსეთის წინსვლა ყველაზე სწრაფი იყო ნოემბრის შემდეგ.

ძირითადი წინსვლა რუსეთს დონეცკის ოლქში ჰქონდა. მაისში რუსულმა არმიამ უკრაინულ ქალაქებში, პოკროვსკსა და ტორეცკში, თავდაცვითი ხაზები გაარღვია. დამოუკიდებელი რუსული გამოცემა Meduza-ს სამხედრო ანალიტიკოსი დმიტრი კუზნეცი ამბობს, რომ აღნიშნული იერიში, როგორც ჩანს, წინასწარ დაგეგმილი რუსული კამპანიის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც რუსეთი ამ წელს დონეცკის რეგიონის დანარჩენი ნაწილის დაპყრობასაც ისახავს მიზნად.

რუსულ ძალებს მცირედი წინსვლა აქვთ სუმის რეგიონშიც, ქალაქ ხარკოვის ჩრდილოეთით, მას შემდეგ, რაც უკრაინულ ძალებს რუსული კურსკის ოლქის დატოვება მოუწიათ.


ლავროვმა უკრაინას 2 ივნისს მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვა კვლავ სტამბოლში შესთავაზა. მისი თქმით, რუსეთის დელეგაცია მზად არის, უკრაინას კონფლიქტის დარეგულირების შესახებ საკუთარი მემორანდუმი წარუდგინოს.

16 მაისს სტამბოლში რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები 2022 წლის შემდეგ პირველად გაიმართა. შეხვედრა არც თუ ისე წარმატებით დასრულდა. პუტინს სტამბოლში დაბალი დონის დელეგაცია ჰყავდა გაგზავნილი, ხოლო ამავე დელეგაციის მიერ შეხვედრაზე გახმოვანებული მოთხოვნები უკრაინისთვის მიუღებელი აღმოჩნდა – მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა დელეგაციამ ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინის რამდენიმე ტერიტორიიდან უკრაინული ჯარების გაყვანა მოითხოვა.

მანამდე, თეთრი სახლის სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა X-ზე რუსულ მხარეს "ერთი კვირის წინ" შეპირებული მემორანდუმის გადაცემისკენ მოუწოდა და რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი "უპასუხისმგებლო" განცხადების გაკეთებისთვის გააკრიტიკა.

25 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეპორტიორებთან რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და აღნიშნა, რომ "აბსოლუტურად" განიხილავს რუსეთზე დამატებითი სანქციების დაწესებას.

მოგვიანებით კი ტრამპმა სოციალურ ქსელში პუტინს "სრულიად შეშლილი" უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს "რაღაც დაემართა", ვინაიდან უკრაინაში "უაზროდ კლავს უამრავ ადამიანს", ხოლო უკრაინულ ქალაქებს "რაკეტები და დრონები სრულიად უმიზეზოდ ესხმიან თავს".

ამასთანავე, ტრამპმა Truth Social-ზე ვლადიმირ პუტინის მიმართ მუქარის შემცველი პოსტიც გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ პუტინი "ცეცხლს ეთამაშება".

28 მაისს ტრამპმა ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ თუკი პუტინი იტყუება ომის დასრულებასთან დაკავშირებით, მაშინ აშშ ამას განსხვავებულად უპასუხებს.

"არ ვიცი, მაგრამ ორ კვირაში გეტყვით. ჩვენ მალე გავარკვევთ, გვატყუებს თუ არა ის. თუ კი, ჩვენ განსხვავებულად ვუპასუხებთ." - თქვა ტრამპმა.

კომენტარები