გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

ბაჩიაშვილის ადვოკატი: საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მივმართავთ

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ დღევანდელ სასამართლო ხდომაზე გაკეთებული განცხადება, სისხლის სამართლის არაერთი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და სასამართლო ვალდებულია გამოძიება დაიწყოს. 

როგორც მახარაშვილმა სასამართლოს ხდომის დამთავრების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, დაცვის მხარე ცალკე მიმართავს შესქაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

"საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, როდესაც სასამართლო მიიღებს ინფორმაციას შესაძლო დანაშაულის შესახებ ის თავად არის ვალდებული მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს და მოითხოვოს გამოძიების დაწყება და ფაქტის გადამოწმება. ამას გარდა ცხადია, ამ ფაქტიდან გამომდინარე, რაც დღეს მოვისმინეთ, ჩვენ ცალკე მივმართავთ საგამოძიებო სტრუქტურებს, მოვითხოვთ ამ გამოძიების ჩატარებას და ყველა იმ ფაქტის გადამოწმებას, რაზეც გიორგი ბაჩიაშვილმა ისაუბრა დეტალურად"- განაცხადა მახარაშვილმა. 

რაც შეეხება სუს-ის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მახარაშვილის თქმით, ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ არ ყოფილა. სუს-ის ვერსიის ტანახმად, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, სწორედ მანდ დააკავეს.

"სუს-ის პოზიცია უნდა დააზუსტოთ სუს-ის წარმომდგენლებთან, თუმცა დღეს ჩემთან ერთად თქვენც მოისმინეთ, რომ ბაჩიაშვილიც აცხადებს, მას აღნიშნულ ტერიტორიაზე არაფერი ესაქმებოდა და არც ყოფილა. დღეს მკაფიოდ განაცხადა, რომ ის გადმოაფრინეს თვითმფრინავის მეშვეობით თბილისში და დაასახელა თვითმფრინავის მოდელიც. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტი მარტივად გადამოწმებადია, თუნდაც შესაბამისი ელექტრონული ბაზების მეშვეობით. მოგეხსენებათ, რომ როცა თვითმფრინავი ახორციელებს ფრენას, შესაბამის რადარებზე ხდება ამ ფრენების რეგისტრაცია.

ინფორმაცია, რაც ბაჩიაშვილმა დღეს სასამართლოს მიაწოდა, არის გამოძიების დაწყების საფუძველი. მტკიცებულების მოპოვება არათუ კომპეტენციაა, ვალდებულებაა გამოძიების, ვინაიდან სანამ გამოძიება არ დაიწყება, მხარეს არ წარმოადგენს ბაჩიაშვილი იმ კონკრეტულ საქმეზე. სანამ ვინმეს მიმართ დევნა არ იწყება, დაცვის მხარეს პროცესუალური უფლებები არ გააჩნია. ვერც ამოღებას, ვერც გამოთხოვას, სამწუხაროდ, მოქმედი კანონმდებლობით ვერ გავაკეთებთ, თუმცა ბრალდების მხარე ვალდებულია ეს ჩაატაროს". - განაცხადა მახარაშვილმა.

სასამართლო პროცესზე გიორგი ბაჩიაშვილმა მისი დაკავების და საქართველოში ჩამოყანის პროცესი გაიხსენა. მისი განმარტებით, ქართულ მხარეს ექსტრადირების კანონიერი საფუძველი არ ჰქონია, რადგან ინტერპოლს ძებნა შეჩერებული ჰქონდა. ამიტომ "მიმართეს ბანდიტურ გზად და მოტაცებით ჩამოიყვანეს საქართველოში". 

"24 მაისს მე საზღვარგარეთიდან გამიტაცეს. თვალები ამიხვიეს და 2 დღე თვალებახვეული მატარეს - ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლისა და ოჯახის შეტყობინებისა და დალაპარაკების გარეშე. შემდეგ, პირდაპირ მოტაცებული ჩამტენეს აირზენას თვითმფრინავში და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ყველა კანონის დარღვევით, მოტაცებული საქართველოში ჩამომიყვანეს" - აღნიშნა ბაჩიაშვილმა. 

სუს-მა 27 მაისს გაავრცელა განცხადება, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს

რის შემდეგაც, გიორგი ბაჩიაშვილის საერთაშორისო იურიდიულმა გუნდმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ის საქართველოში იძულებითი დაბრუნების შემდეგ წამების დაუყოვნებლივი საფრთხის წინაშე დგას.

4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილის თქმით, ამისთვის "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები" გამოიყენა. მისი დახმარებისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა.

ამის შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუფარდეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს. 10 მარტს კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ბიტკოინების საქმეზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა და თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გარდა ამისა, პირველ მაისს, სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა.

კომენტარები