დედოლარიზაცია

ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში 750 000 ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 500 000-დან  750 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2025 წლის პირველი აგვისტოდან შევა.

ეროვნული ბანკის განცხადებით, განაგრძობენ მუშაობას "ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად."

"კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობის არსებული დინამიკის შენარჩუნებისა და ეკონომიკური ზრდის ეტაპობრივი ნორმალიზების ფონზე, სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპი 2025 წელს დაიხურება. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება. კომერციული ბანკები კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური კომპონენტის ეტაპობრივ დაგროვებას განაგრძობენ.

სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე დოლარიზაციის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, ეს უკანასკნელი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ეროვნული ბანკი, გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, ინდუსტრიასთან კოორდინაციითა და მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 500 000-დან 750 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1 აგვისტოდან შევა". - ნათქვამია გაცხადებაში. 

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2025 წლის 1 ოქტომბერს გაიმართება.

ცნობისთვის, 2024 წლის 27 ნოემბერს, ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 400 000-დან 500 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2025 წლის პირველი იანვრიდან შევიდა.

კომენტარები