დედოლარიზაცია

ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში 500 000 ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 400 000-დან 500 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2025 წლის პირველი იანვრიდან შევა. ეროვნული ბანკი ირწმუნება, რომ "აქტიურად" მუშაობს "ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად".

"სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე დოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა, ეს უკანასკნელი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, ეროვნული ბანკი ინდუსტრიასთან კოორდინაციით, მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს. 

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 400 000-დან 500 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1 იანვრიდან შევა.

აღსანიშნავია, რომ სებ-ი ასევე აქტიურად ადევნებს თვალყურს დეპოზიტების დოლარიზაციის დინამიკას, რომლის დონეც ოქტომბერში არსებული გაურკვევლობის ფონზე გაიზარდა და ფინანსურ სისტემაში ჭარბი უცხოური ვალუტის ლიკვიდობის დაგროვებას შეუწყო ხელი. იმისათვის, რომ ჭარბი ლიკვიდობა სესხების დოლარიზაციაში არ გადაიზარდოს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით  გაზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს" - აცხადებს ეროვნული ბანკი.

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით უტიაშვილის თქმით, "დოლარიზაცია არის ფინანსური სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა". მან აღნიშნა, რომ ერთი წლის წინაც, უცხოური ვალუტის არაჰეჯირებული დაკრედიტების ზღვარის 200 000-დან 300 000 ლარამდე გაზრდა გეგმის ნაწილი იყო.

"მაშინ განვაცხადეთ, რომ შესაძლებლობების შემთხვევაში ამ ზღვარს კვლავ გავზრდიდით. ასეთი შესაძლებლობა გვქონდა აპრილში და მაისიდან ეს ზღვარი 300-დან 400 000 ლარამდე გაიზარდა. ახლა ჩავთვალეთ, რომ კარგი დრო და გარემოებებია ამ ზღვრის 400 000-დან 500 000 ლარამდე გასაზრდელად. ყველა ჩვენს მოქალაქეს თუ კომპანიას, რომელსაც სესხის ჯამური ოდენობა, ახალი სესხის ჩათვლით 400 000-დან 500 000 ლარამდე აქვს, კრედიტორები მხოლოდ ლარში მისცემენ სესხს და ამით ისინი იქნებიან სავალუტო რისკებისგან დაცული“, - აღნიშნა დავით უტიაშვილმა.

მისივე თქმით, პარალელურად, საჭიროდ ჩათვალეს სარეზერვო მოთხოვნების ცვლილება ცვლილება.

"დაახლოებით სექტემბერ-ოქტომბერში ცალკეული კომპანიების ნაწილმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა მიმდინარე ანგარიშების ნაწილი ლარიდან უცხოურ ვალუტაში გადაიტანა. ეს უკავშირდებოდა წინასაარჩევნო მღელვარებას, რომ კურსი შეიძლება გაუფასურებულიყო. თუმცა, პრაქტიკაში ისე მოხდა, რომ მიმდინარე ანგარიშებზე უცხოური ვალუტის შედარებით მეტი ლიკვიდობა დაგვიგროვდა. ეს გარკვეულ საფრთხეს ქმნიდა, რომ ბანკებს დამატებით მოტივაციას გაუჩენდა, აღნიშნული თანხები უცხოური ვალუტის სესხების სახით გაეცათ, რაც დოლარიზაციას გაზრდიდა. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ ახლა კარგი დროა სარეზერვო მოთხოვნების გასაზრდელად, რომ უცხოური ვალუტის ანაბრებზე არსებული თანხა არ გავიდეს ისევ სესხების სახით და საბანკო სექტორში დოლარიზაცია არ გაგვიზარდოს. ამიტომ სარეზერვო მოთხოვნების ზედა ზღვარი 5% პუნქტით გავზარდეთ“, - განაცხადა სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

კომენტარები