გაერთიანებული სამეფო

FT: UK სტარმერთან დაკავშირებულ საკუთრებაზე თავდასხმებში რუსეთის შესაძლო მონაწილეობას იკვლევს

© James Manning/PA Images

გამოცემა Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გაერთიანებული სამეფო ქვეყნის პრემიერმინისტრთან, კირ სტარმერთან დაკავშირებული საკუთრებისთვის ცეცხლის წაკიდებაში რუსეთის შესაძლო მონაწილეობას იძიებს. 

როგორც FT გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ბრიტანეთი არკვევს, ჰქონდა თუ არა რუსეთს ამ თავდასხმებთან კავშირი და ასრულებდნენ თუ არა ბრალდებულები რუსეთის დავალებებს. წყაროებმა გამოცემასთან საუბრისას თქვეს, რომ ბრიტანეთი ასევე განიხილავს, რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს, თუკი ეს ვერსია დადასტურდება.  

FT-ის ერთ-ერთმა წყარომ თქვა, რომ თავდასხმასთან დაკავშირებით ამჟამად რამდენიმე ვერსია განიხილება და არცერთს არ გამორიცხავენ.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსეთთან  თავდასხმების კავშირის დადგენის შემთხვევაშიც არ იქნება აუცილებელი, რომ ისინი კრემლს შეეკვეთა ან რომ ბრალდებულებს რუსეთის ფედერაციის ჩართულობის შესახებ სცოდნოდათ. 

ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრთან, კირ სტარმერთან დაკავშირებული საკუთრებისთვის ცეცხლის წაკიდებაში მონაწილეობის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე და რუმინეთის ერთი მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალად ედებათ, რომ 8 მაისიდან 12 მაისამდე ცეცხლი წაუკიდეს პრემიერმინისტრის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს, კერძო სახლსა და ასევე სახლს, რომელშიც სტმერი წარსულში ცხოვრობდა.

სტმარმერმა, რომელიც ამჟამად გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის ოფიციალურ რეზიდენციაში ცხოვრობს, სახლებისა და ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდებას უწოდა "ყველა ჩვენგანზე, დემოკრატიასა და იმ ღირებულებებზე თავდასხმა, რომლებსაც მხარს ვუჭერთ".

ბოლო თვეებში დასავლური სადაზვერვო სამსახურები აცხადებდნენ, რომ რუსეთის მხრიდან ტერაქტებისა და ჰიბრიდული თავდასხმების გეგმები გამოამჟღავნეს.

კომენტარები