რუსეთსა და უკრაინას შორის 16 მაისს სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, 1000-1000 ტყვის გაცვლის მეორე ეტაპზე 24 მაისს სამშობლოში კიდევ 307 უკრაინელი დაბრუნდა.
23-24 მაისს რუსეთის ტყვეობიდან ჯამში 697 უკრაინელი გათავისუფლდა.
ომის პატიმართა გაცვლის მესამე ეტაპზე, 25 მაისს, უკრაინას კიდევ 303 ტყვე დაუბრუნდება.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინაში დღეს დაბრუნებულ პირებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, საზღვრის დაცვის სამსახურისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები.
"მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გაცვლის პროცესშია ჩართული, ვინც მთელი დღეებია მუშაობს. ჩვენი მიზანია, რუსეთის ტყვეობიდან ყოველი ადამიანი დავიბრუნოთ. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან თანამშრომლობას, რათა ეს შესაძლებელი გავხადოთ". - წერს ზელენსკი X-ზე და ფოტოსურათებს აქვეყნებს.