აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის 19 მაისს გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თქვა, რომ რუსეთმა პირობა დადო, რომ აშშ-ს უკრაინასთან "ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისთვის საჭირო პირობებს" გაუგზავნის.
"როგორც ვხვდებით, რუსები აპირებენ, ჩამოწერონ ის პირობები, რომლებსაც ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად მოითხოვენ, რაც შემდგომ უფრო ფართო ფორმატის მოლაპარაკებებს გაუხსნიდა გზას. ჩვენ ველოდებით ამ პირობებს, [რომელთა მიღების შემდეგაც] უკეთ შეგვეძლება გავიგოთ ბატონი პუტინის გათვლები". - თქვა რუბიომ სენატში საჯარო მოსმენაზე საუბრისას.
რუბიოს კომენტარი სავარაუდოდ მიანიშნებს, რომ აშშ რუსეთის მიმართ საკუთარი პოზიციის ცვლილებას არ ჩქარობს იმის მიუხედავად, რომ ბევრი ევროპელი ოფიციალური პირი და პარლამენტარი მიიჩნევს, რომ პუტინი დროის მოგებას ცდილობს. უცნობია, რამდენად აქტიურ როლს ითამაშებს აშშ უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის სამომავლო მოლაპარაკებებში მას შემდეგ, რაც ტრამპმა 19 მაისს განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა ომის დასრულების პირობებზე პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავენ.
19 მაისს ტრამპის ორსაათიანმა სატელეფონო საუბარმა პუტინთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ან ბრძოლის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი ვერ მოიტანა, რითიც იმედგაცრუებულები დარჩნენ ვაშინგტონის ევროპელი და უკრაინელი მოკავშირეები, რომლებსაც სურთ, რომ აშშ-მ მეტი გააკეთოს პუტინზე ზეწოლის გასაძლიერებლად.
პუტინთან საუბრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი სანქციების დაწესებისთვის ჯერ მზად არ იყო, თუმცა ამას სამომავლოდ არ გამორიცხავდა. რესპუბლიკელი კონგრესმენები ამბობდნენ, რომ მოსკოვზე შემდგომი სანქციების დასაწესებლად თეთრი სახლისგან მწვანე შუქს ელოდებოდნენ.
აშშ-ს პრეზიდენტის ამ განცხადების ფონზე ევროკავშირმა 20 მაისს რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი, სანქციათა რიგით მე-17 პაკეტი დაამტკიცა.
რუბიომ რუსეთსა და უკრაინას შორის გასულ კვირაში სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები დადებითად შეაფასა, რომელიც 1000 სამხედრო ტყვის გაცვლაზე შეთანხმებით დასრულდა, თუმცა ასევე განაცხადა, რომ "ჯერ არ გვინახავს ნაბიჯები მშვიდობისკენ."