აშშ-სირია

Reuters: ტრამპი სირიაში სპეციალურ წარმომადგენლად თურქეთში აშშ-ს ელჩს დანიშნავს

თომას ბარაკი

დონალდ ტრამპის დიდი ხნის მეგობარი და ამჟამად თურქეთში აშშ-ს ელჩი თომას ბარაკი სირიაში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters საკითხზე ინფორმირებულ თურქ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს

როდესაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს აღნიშნულ ცნობაზე შეკითხვა დაუსვეს, მან უპასუხა, რომ "ჯერჯერობით დაანონსებული არაფერია". 

20 მაისს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე საუბრისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თქვა, რომ იგი თურქეთის საელჩოს პერსონალს, მათ შორის, ბარაკს, სირიელ მაღალჩინოსნებთან კომუნიკაციის ნებართვას აძლევდა, რათა უკეთ გაეგოთ, თუ კონკრეტულად რა სახის დახმარებას საჭიროებს სირიის ახალი მთავრობა. 

"ჩვენ გვსურს ამ მთავრობას წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ, ვინაიდან ალტერნატივა სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომი და ქაოსია, რომელიც, რა თქმა უნდა, მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევს". - თქვა რუბიომ სენატში მოსმენაზე. 

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 20 მაისს ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას, რომელზეც ამერიკელმა და თურქმა ოფიციალურმა პირებმა სირიის საკითხი განიხილეს, ესწრებოდა თომას ბარაკიც. Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მიანიშნებს, რომ აშშ აცნობიერებს თურქეთის მზარდ რეგიონულ გავლენას დამასკოზე მას შემდეგ, რაც დეკემბერში სირიელმა ამბოხებულებმა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხეს და 14-წლიანი სამოქალაქო ომი დაასრულეს. 

სირიაში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლად თომას ბარაკის კანდიდატურის შესახებ გავრცელებულ ცნობებს წინ უძღვის აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 13 მაისს სირიისთვის სანქციების მოხსნა, რომლიდანაც 1 დღეში, 14 მაისს, ტრამპი სირიის ახალ პრეზიდენტ, აჰმედ ალ-შარაას საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში ოფიციალური ვიზიტის დროს შეხვდა. აშშ-სა და სირიის ლიდერებს შორის შეხვედრა 25 წლის შემდეგ პირველად შედგა, რაც ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დათბობაზე მიანიშნებს. 

ცნობისთვის, ბაშარ ალ-ასადი, რომელიც სირიას 24 წლის განმავლობაში მართავდა, გასული წლის დეკემბერში ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰაიათ თაჰრირ ალ-შამმა (HTS) დაამხო. ქვეყნის გარდამავალი პერიოდის მთავრობის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა დეკემბერში ასადის რეჟიმის დასამხობად საბრძოლო მოქმედებებს მეთაურობდა. 

კომენტარები