რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუბიოს თქმით, ვატიკანს შეუძლია, რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლოს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო (მარცხნივ) და კარდინალი მატეო ძუპი
Gregorio Borgia/AP Photo

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, ვატიკანს შეუძლია, სამომავლოდ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლოს. 

რომში, უკრაინაში პაპის დიპლომატიურ წარმომადგენელთან, კარდინალ მატეო ძუპისთან შეხვედრის დაწყებამდე რუბიომ რეპორტიორებთან საუბრისას თქვა, რომ შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის 16 მაისის "მოლაპარაკებების სტატუსზე", სიახლეებისა და "წინსვლის გზებზე" ისაუბრებდა. 

როდესაც რეპორტიორებმა ჰკითხეს, შეეძლო თუ არა ვატიკანს სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში  შუამავლის როლის შესრულება, რუბიომ უპასუხა, რომ "ამას შუამავლობას არ დაარქმევდა", თუმცა მისი თქმით, ვატიკანი იქნებოდა "ადგილი, სადაც ორივე მხარე კომფორტულად იგრძნობდა თავს". 

"შესაბამისად, ჩვენ ყოველივე ამაზე ვისაუბრებთ. ყოველთვის მადლიერები ვართ ვატიკანის მიმართ მათი მზაობისთვის, შეასრულონ ეს კონსტრუქციული და პოზიტიური როლი". - თქვა რუბიომ. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რომში შეხვდა ვატიკანის უფროს დიპლომატებსაც, მათ შორის, ვატიკანის სახელმწიფო მდივანსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. 

რომში აშშ-ს საელჩოში გამართული შეხვედრის დროს, რუბიომ მადლობა გადაუხადა კარდინალ ძუპის წმიდა საყდრის ჰუმანიტარული ძალისხმევების გამო, მათ შორის, ომის პატიმრების გაცვლისა და უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობისთვის.

როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა თქვა, რუბიომ "ხაზი გაუსვა პაპი ლეო XIV-ს პონტიფიკატის პერიოდში განგრძობადი თანამშრომლობის მნიშვნელობას". 

ცნობისთვის, პაპმა ლეომ უკრაინასა და რუსეთს ვატიკანში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე შუამავლობა შესთავაზა მას შემდეგ, რაც სტამბოლში 16 მაისს გამართულ შეხვედრაში უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მონაწილეობა არ მიიღეს.

შედეგებს სტამბოლში გამართული შეხვედრისა, რომელსაც პუტინი, მოლაპარაკებების დაწყების იდეის ავტორი, თავად არ დაესწრო, ვატიკანმა "ტრაგიკული" უწოდა და განაცხადა, რომ ახლადარჩეულ პაპს სურს, წმიდა საყდარმა, ომის დასრულების ძალისხმევის ფარგლებში, მასპინძლის როლი შეასრულოს მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. 

"ყოველივე ეს ტრაგიკულია, ვინაიდან ჩვენ იმედი გვქონდა, ეს პროცესი, თუნდაც ნელი, კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას მოიტანდა; ამის მაგივრად, კვლავ დასაწყისს დავუბრუნდით. ვნახოთ, რას მოვიმოქმედებთ, თუმცა რთული სიტუაციაა". - განაცხადა ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა. 

"პაპი გეგმავს, რომ ვატიკანი, წმიდა საყდარი, ხელმისაწვდომი გახადოს ორ მხარეს შორის პირდაპირი შეხვედრისთვის". - დაამატა პაროლინმა. 

ლეო XIV-მ, რომელიც კარდინალებმა გასულ კვირაში აირჩეს წმინდა პეტრეს 267-ე მემკვიდრედ, ბოლო დღეების განმავლობაში ცხადი გახადა, რომ მისი პონტიფიკატის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი უკრაინაში მშვიდობის მიღწევაა. 11 მაისს პაპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლიდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და ამავე დღეს წმინდა პეტრეს მოედანზე საკვირაო ლოცვაში "ძვირფასი უკრაინელი ხალხის ტანჯვაც" მოიხსენია. 

14 მაისს აღმოსავლეთის ეკლესიის წარმომადგენლებთან საუბრისას ლეომ რუსეთისა და უკრაინის ლიდერებს "მთელი გულით" მოუწოდა მოლაპარაკებისკენ. 

"წმიდა საყდარი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს მტრებს პირდაპირ შეხვედრაში... მოდით, შევხვდეთ ერთმანეთს, ვისაუბროთ და მოვილაპარაკოთ. ისტორიას მშვიდობისმყოფელნი ქმნიან". - თქვა რომის უზენაესმა პონტიფექსმა. 

16 მაისს სტამბოლში რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები 2022 წლის შემდეგ პირველად გაიმართა. შეხვედრა არც თუ ისე წარმატებით დასრულდა. პუტინს სტამბოლში დაბალი დონის დელეგაცია ჰყავდა გაგზავნილი, ხოლო ამავე დელეგაციის მიერ შეხვედრაზე გახმოვანებული მოთხოვნები უკრაინისთვის მიუღებელი აღმოჩნდა – მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა დელეგაციამ ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინის რამდენიმე ტერიტორიიდან უკრაინული ჯარების გაყვანა მოითხოვა. 

კომენტარები