აშშ-რუსეთი

ტრამპის თქმით, 19 მაისს პუტინთან ტელეფონით ისაუბრებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Chip Somodevilla/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ორშაბათს, 19 მაისს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ტელეფონით ილაპარაკებს. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს

ტრამპის თქმით, პუტინთან უკრაინაში ომის დასრულების გზებსა და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის საკითხზე ისაუბრებს. 

"ტელეფონით ვისაუბრებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ორშაბათს, დილის 10:00 საათზე. ზარის დროს [განსახილველი] საკითხები იქნება "სისხლისღვრის" შეწყვეტა, რომელიც საშუალოდ კვირაში 5000-ზე მეტ რუს და უკრაინელ ჯარისკაცს კლავს და ვაჭრობა". - წერს აშშ-ს პრეზიდენტი. 

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ პუტინთან სატელეფონო ზარის შემდეგ ისაუბრებს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან და "NATO-ს სხვადასხვა წევრებთან". 

"იმედი მაქვს, პროდუქტიული დღე იქნება, ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედდება და ეს ძალიან სასტიკი ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, დასრულდება". - წერს ტრამპი. 

ტრამპის პოსტს წინ უძღვის რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის 16 მაისს სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები, რომელიც არც თუ ისე წარმატებით დასრულდა. პუტინს სტამბოლში დაბალი დონის დელეგაცია ჰყავდა გაგზავნილი, ხოლო ამავე დელეგაციის მიერ შეხვედრაზე გახმოვანებული მოთხოვნები უკრაინისთვის მიუღებელი აღმოჩნდა – მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა დელეგაციამ ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინის რამდენიმე ტერიტორიიდან უკრაინული ჯარების გაყვანა მოითხოვა. 

რუსული მხარე კრიტიკულად შეაფასეს დასავლელმა ლიდერებმა. იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ თქვა, რომ მსოფლიომ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგად დაინახა, თუ ვინ არის რეალურად მშვიდობისკენ მიმართული და ვინ არ არის მზად ამისთვის.

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ "რუსეთმა სტამბოლში მოლაპარაკებები დე ფაქტო შეწყვიტა და უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტაზე", რის გამოც რუსეთზე "წნეხის გაზრდის დროა". 

კომენტარები