რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

მსოფლიომ დაინახა თუ ვის სურდა მშვიდობა და ვის არა – მელონი სტამბოლის მოლაპარაკებებზე

იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონის თქმით, მსოფლიომ ნახა თუ ვინ არის რეალურად მშვიდობისკენ მიმართული და ვინ არ არის მზად ამისთვის. ამის შესახებ მელონიმ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ისაუბრა.

"ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავისუფლებას. და ჩვენ გვსურს მშვიდობა. ზელენსკისა და უკრაინელ ხალხს სურს მშვიდობა და ჩვენ ეს გუშინ კვლავ ვიხილეთ. მსოფლიომ დაინახა თუ ვის სურდა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა და ვის არა. ეს გარკვეულწილად აჩვენებს ვის სურს მშვიდობა და ვის არა". - თქვა მელონიმ.

ამასთან, იტალიის პრემიერის თქმით, აუცილებელია უპირობო ცეცხლის შეწყვეტა და ამის მოთხოვნა კვლავ უნდა გაგრძელდეს.

"ამავდროულად, ჩვენ არ უნდა აღვიქვათ ის რაც გუშინ მოხდა უკან გადადგმულ ნაბიჯად. არამედ, ჩვენ კვლავ თავგამოდებით უნდა ვცდილობდეთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტისა და რეალური სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას უკრაინისთვის სერიოზული უსაფრთხოების გარანტიებით და ჩვენ სრულად მზად ვართ იმისთვის, რაც ამ მიზნის მიღწევას სჭირდება". - თქვა მელონიმ.

სტამბოლში რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე საათის წინ დასრულდა. შეხვედრა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები