გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის საკუთრებაში არსებულ სახლში ცეცხლის გაჩენისთვის ბრალი 21 წლის უკრაინელ კაცს წარედგინა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
ლონდონის პოლიციის განცხადებით, უკრაინის მოქალაქეს, 21 წლის რომან ლავრინოვიჩს ბრალი სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის განზრახვით, ცეცხლის განზრახ გაჩენისთვის წარედგინა.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია 12 მაისის დილით სტარმერის ოჯახის 4-საძინებლიან სახლის შესასვლელში ცეცხლის გაჩენაზე, უფრო ადრე, 11 მაის ამავე ქუჩაზე მანქანისთვის ცეცხლის წაკიდებასა და სტარმერთან დაკავშირებული ოფისის შენობაში ცეცხლის გაჩენაზე.
ზემოხსენებულ სახლში კირ სტარმერი ოჯახთან ერთად პრემიერმინისტრად არჩევამდე – ივლისში საცხოვრებლად დაუნინგ სტრიტზე გადასვლამდე ცხოვრობდა, რის შემდეგაც სტარმერმა სახლი გააქირავა.
ლავრინოვიჩი პოლიციამ 13 მაისს დააკავა, იგი დღემდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. ვესტმინსტერის მაგისტრატთა სასამართლოს წინაშე ეჭვმიტანილი 16 მაისს წარდგება.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სამივე თავდასხმა ქვეყნის პრემიერმინისტრთან დაკავშირებულ საკუთრებებზე მოხდა, გამოძიებაში ლონდონის პოლიციის კონტრტერორისტული განყოფილებაა ჩართული.





