12 მაისს რუსეთში ქალაქ კალუგაში როსგვარდიის არასაუწყებო დაცვის ადგილობრივი სამმართველოს ავტოსადგომზე ხუთ მანქანას ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს, რის შედეგადაც ადგილზე ხანძარი გაჩნდა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს თანახმად, ოთხ მანქანას ძრავის განყოფილება ამოეწვა, ერთ-ერთს კი ძარას უკანა ნაწილი დაეწვა.
ადგილობრივი გამოცემა Калужские новости საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევასთან დაკავშირებით 28 წლის ქალი ეჭვმიტანილი დააკავეს და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) თანამშრომლებს გადასცეს.
გამოცემის თანახმად, პოლიცია ვარაუდობს, რომ ქალმა მანქანებს საწვავი ნარევი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, შემდეგ Chevrolet Aveo-თი გაქცევა სცადა, თუმცა კალუგადან გასვლის შემდეგ ავარიაში მოყვა და ქვეითს დაეჯახა.
ამასთან, გამოცემის თანახმად, ეჭვმიტანილი დაშავებულ ქვეითს ავარიის შემდეგ ფიზიკურადაც გაუსწორდა.
შემთხვევის შესახებ ინფორმაციას Telegram-არხ Baza-ც ავრცელებს, რომლის თანახმადაც ეჭვმიტანილი 27 წლისაა.
პროკრემლისტური Telegram-არხი Mash ირწმუნება, რომ ეჭვმიტანილმა ქალმა მანქანებს ცეცხლი წაუკიდა "უკრაინელი თაღლითების დავალებით, რათა მისთვის მოპარული თანხა დაებრუნებინა".
როსგვარდია 2016 წელს ვლადიმირ პუტინის ბრძანებით შექმნილი ძალოვანი სამხედრო სტრუქტურაა, რომელიც რეგულარული არმიისგან განსხვავებით არა თავდაცვის სამინისტროს, არამედ რუსეთის პრეზიდენტს ექვემდებარება.





