რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს განცხადებით, მოსკოვი ლიტვაში მიმდინარე NATO-ს სამხედრო წვრთნებს აღიქვამს, როგორც რუსეთის წინააღმდეგ მიმართულს, რის გამოც მოსკოვი შესაბამის ზომებს მიიღებს, რათა ალიანსის მიერ "ძალის დემონსტრირების ნებისმიერი ასეთი მცდელობა" გაანეიტრალოს.
უკრაინული გამოცემა Kyiv Independent-ის ცნობით, ამის შესახებ გრუშკომ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ საინფორმაციო სააგენტო TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.
"თუ საჭიროდ მივიჩნევთ, სხვა ზომებსაც მივიღებთ, რათა რუსეთის წინააღმდეგ ძალის დემონსტრირების ყოველი ასეთი მცდელობის ნეიტრალიზება მოვახდინოთ". - თქვა გრუშკომ.
გრუშკოს თანახმად, NATO-სთვის წინააღმდეგობის გასაწევად კრემლი რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კარელიაში ორ სამხედრო ოლქსა და სატანკო კორპუსს ქმნის. მისივე თქმით, NATO-ს წევრი სახელმწიფოების წვრთნები "რუსეთის შეკავებასა" და "შესაძლო სამხედრო კონფლიქტისთვის ალიანსის მომზადებას" ისახავს მიზნად.
გრუშკოს განცხადებას წინ უძღვის ლიტვაში NATO-ს "Strong Shield 5" სამხედრო წვრთნების დაწყება, რომელიც 12-დან 18 მაისამდე გაგრძელდება. წვრთნები ლიტვის პანევეზისის მუნიციპალიტეტში გაიმართება, რომელიც NATO-ს კიდევ ერთი წევრის, ლატვიის საზღვართან მდებარეობს.
ლიტვა ასევე უმასპინძლებს NATO-ს "Thunder Fortress 2025" მასშტაბურ წვრთნებს, რომელიც 13 მაისს დაიწყება და 27 მაისამდე გაგრძელდება. წვრთნებში ჩართული იქნება დაახლოებით 8000 სამხედრო, რამდენიმე ათეული გემი და საბრძოლო თვითმფრინავები.





