რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინაში მშვიდობის მიღწევისკენ მიმართულ ყოველ ძალისხმევას – საგარეო

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ლინ ძიანი
Photo: Ministry of Foreign Affairs of The People's Republic of China

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, პეკინი მხარს უჭერს უკრაინაში მშვიდობის მიღწევის ყოველ ძალისხმევას, მათ შორის, უკრაინისა და ევროპული ქვეყნების მიერ წარდგენილ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივას. 

როგორც ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა, ლინ ძიენმა უკრაინულ გამოცემა Ukrinform-ს ინიციატივის შესახებ დასმულ შეკითხვაზე უპასუხა, პეკინი "უკრაინის კრიზისის" გადაწყვეტისკენ მიმართულ ნებისმიერ ძალისხმევას დაუჭერს მხარს. 

"უკრაინის კრიზისთან მიმართებით ჩინეთის პოზიცია ყოველთვის ცხადი და თანმიმდევრულია. ჩვენ გვჯერა, რომ ყოველი ძალისხმევა მშვიდობის მიღწევისკენ უნდა იყოს მიმართული". - თქვა ძიენმა Ukrinform-ის შეკითხვის საპასუხოდ. 

როგორც პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, პეკინი იმედოვნებს, რომ კონფლიქტში ჩართული მხარეები დიალოგსა და მოლაპარაკებებს გააგრძელებს, რათა სამართლიან, გრძელვადიან ყველასთვის მისაღებ სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიონ. 

"ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით - და ვაგრძელებთ ამის ხაზგასმას - რომ დიალოგი და მოლაპარაკებები ამ 'კრიზისიდან' გამოსასვლელად ერთადერთი წარმატებული გზა იქნება". - თქვა ძიენმა. 

ძიენს შეკითხვა დაუსვეს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელ მოწოდებებზე უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პროცესში ძლიერი სახელმწიფოების ჩართულობის შესახებ, რის საპასუხოდაც სპიკერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ჩინეთ დასახმარებლად მზადაა. 

"ჩინეთი მზადაა, კონფლიქტის მხარეების ინტერესებთან შესაბამისობაში, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად იმუშაოს და 'კრიზისის' გადასაწყვეტად და გამძლე მშვიდობის მისაღწევად კონსტრუქციული როლი ითამაშოს". - თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინსიტროს პრესსპიკერმა. 

ცნობისთვის, 10 მაისს, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ლიდერები ერთმანეთს კიევში შეხვდნენ და 12 მაისიდან, 30 დღით, ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

დასავლელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ პუტინის მიერ ინიციატივაზე უარის თქმით შემთხვევაში, ქვეყნები რუსეთს კიდევ უფრო მკაცრ სანქციებს დაუწესებდნენ. 

კიევის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივის გამოცხადების მიუხედავად, რუსეთი უკრაინაზე იერიშებს აგრძელებს.

12 მაისს რუსეთმა უკრაინაზე 108 დრონით მიიტანა იერიში. 

კომენტარები