11 მაისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინადადებას უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა:
"ეს კარგი ნიშანია, რომ რუსები, როგორც იქნა ომის დასრულებაზე დაფიქრდნენ. მთელი მსოფლიო ამას უკვე დიდი ხანია ელოდება. და ნებისმიერი ომის დასრულების პირველი რეალური ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტაა.
არ აქვს აზრი მკვლელობების თუნდაც ერთი დღით გაგრძელებას. ველოდებით, რომ რუსეთი ხვალიდან 12 მაისიდან, დაადასტურებს სრულ, ხანგრძლივ და სანდო ცეცხლის შეწყვეტას და უკრაინა მზად არის შეხვედრისთვის".
11 მაისის ღამეს ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინას სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას სთავაზობს.
"კიევის ხელისუფლებას ვთავაზობთ განაახლონ მოლაპარაკებები, რომლებიც თავად შეწყვიტეს 2022 წლის ბოლოს, განაახლონ პირდაპირი მოლაპარაკებები, წინასწარი დათქმების გარეშე. გაჭიანურების გარეშე დაწყებას ვთავაზობთ უკვე მომდევნო ხუთშაბათიდან, 15 მაისიდან, სტამბოლში, იქ, სადაც [მოლაპარაკებები] ადრე ტარდებოდა და იქ, სადაც ის შეწყვიტეს." - თქვა პუტინმა.
პუტინმა ასევე არ გამორიცხა, რომ პირდაპირი მოლაპარაკებების შემთხვევაში უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მისივე თქმით, 11 მაისს ის თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება და უკრაინაში მშვიდობის მიღწევის საკითხს განიხილავს.
"ჩვენი შეთავაზება, როგორც იტყვიან, მაგიდაზეა, ახლა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ უკრაინის ხელისუფლებამ და მათმა კურატორებმა, რომლებიც საკუთარი პირადი პოლიტიკური ამბიციებით ხელმძღვანელობენ და არა საკუტარი ხალხის ინტერესებით." - დაამატა პუტინმა.





