რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. ის კიევს პირდაპირი საუბრების დაწყებას 15 მაისიდან სთავაზობს. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
პუტინის მტკიცებით, სტამბოლის პირდაპირი მოლაპარაკებები 2022 წელს თავად უკრაინულმა მხარემ ჩაშალა.
"კიევის ხელისუფლებას ვთავაზობთ განაახლონ მოლაპარაკებები, რომლებიც თავად შეწყვიტეს 2022 წლის ბოლოს, განაახლონ პირდაპირი მოლაპარაკებები, წინასწარი დათქმების გარეშე. გაჭიანურების გარეშე დაწყებას ვთავაზობთ უკვე მომდევნო ხუთშაბათიდან, 15 მაისიდან, სტამბოლში, იქ, სადაც [მოლაპარაკებები] ადრე ტარდებოდა და იქ, სადაც ის შეწყვიტეს." - თქვა პუტინმა.
პუტინმა ასევე არ გამორიცხა, რომ პირდაპირი მოლაპარაკებების შემთხვევაში უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მისივე თქმით, 11 მაისს ის თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება და უკრაინაში მშვიდობის მიღწევის საკითხს განიხილავს.
"ჩვენი შეთავაზება, როგორც იტყვიან, მაგიდაზეა, ახლა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ უკრაინის ხელისუფლებამ და მათმა კურატორებმა, რომლებიც საკუთარი პირადი პოლიტიკური ამბიციებით ხელმძღვანელობენ და არა საკუტარი ხალხის ინტერესებით." - დაამატა პუტინმა.
პუტინის მტკიცებით, მას უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა სურს.
"ჩვენ მიზანდასახულები ვართ უკრაინასთან სერიოზული მოლაპარაკებებისთვის. აზრი ისაა, რომ ამოვძირკვოთ კონფლიქტის თავდაპირველი მიზეზები, მივაღწიოთ ხანგრძლივ შეთანხმებას, მტკიცე მშვიდობას ისტორიული პერსპექტივით. არ გამოვრიცხავთ, რომ ამ მოლაპარაკებების ფარგლებში შევძლოთ შეთანხმება რაღაც სახის ახალ დაზავებებზე, ახალ ცეცხლის შეწყვეტაზე, რეალურ დაზავებაზე." - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, "დასავლელ კოლეგებს გულწრფელად სურთ კონფლიქტის რეგულირება".
პუტინმა ამ განცხადებით ფაქტობრივად უარი თქვა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელსაც მხარს აშშ და დასავლელი პარტნიორები უჭერდნენ.





