8 მაისს, ვატიკანის დროით საღამოს 6 საათზე, სიქსტის კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა და მსოფლიოს ახალი პაპის არჩევა ამცნო. კონკლავმა პეტრეს კათედრის მემკვიდრე მეოთხე კენჭისყრაზევე აირჩია. ამ მხრივ ახალმა პონტიფექსმა ფრანცისკესა და ბენედიქტეზე სწრაფად შეძლო ხმების ორ-მესამედზე მეტის მოგროვება.

საყდრის ვაკანტურობის პერიოდში ვატიკანის მიმომხილველთა უმრავლესობას მიაჩნდა, რომ ამერიკელის გაპაპება შეუძლებელთან ახლოს იყო. ამის საბაბად სახელდებოდა კარდინალების ნაწილის სურვილი, არ შექმნილიყო შთაბეჭდილება, რომ მსოფლიოს უდიდესი ეკლესია თანხვედრაში მოდიოდა დედამიწის სუპერსახელმწიფოსთან.

პაპი ფრანცისკეს პონტიფიკატის ხანაში, 69 წლის კარდინალი პრევოსტი ვატიკანის ერთ-ერთი მოწინავე მაღალჩინოსანი გახდა. იგი ბოლო ორი წლის განმავლობაში მსოფლიოში ახალი ეპისკოპოსების შერჩევაზე იყო პასუხისმგებელი.
ფრანცისკეს შემდეგ ლეო XIV მეორე პაპი იქნება დასავლეთ ნახევარსფეროდან, თუმცა ბერგოლიოსგან განსხვავებით პრევოსტი აშშ-ს მოქალაქეა. ის ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოში 1955 წელს დაიბადა.

1977 წლიდან პრევოსტი წმინდა ავგუსტინეს ორდენში (OSA) შევიდა და თეოლოგიური განათლება ჩიკაგოს კათოლიკური თეოლოგიის კავშირის სემინარიაში მიიღო. ზედამხედველებმა 27 წლის პრევოსტი რომში გაგზავნეს თომა აქვინელის პონტიფიკალურ უნივერსიტეტში (Angelicum-ში) სასწავლებლად, სადაც მან კანონიკურ სამართალში დიპლომი მოიპოვა.
პრევოსტი მღვდლად 1982 წელს რომში აკურთხეს. 1985-1999 წლებში პერუში მისიონერული საქმიანობის შემდეგ, იგი ჩიკაგოში არსებული ავგუსტინელთა ორდენის გენერალურ პრიორად დაინიშნა.

2015 წელს პაპმა ფრანცისკემ პრევოსტი პერუს ქალაქ ჩიკლაიოს ეპისკოპოსად აკურთხა. 2018-2020 წლებში იგი სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა. ხოლო 2023 წელს პაპმა პრევოსტი რომში გამოიძახა, მთავარეპისკოპოსად აკურთხა და დანიშნა გავლენიან პოზიციებზე: ეპისკოპოსთა დიკასტერიის პრეფექტად და ლათინური ამერიკისთვის პონტიფექსის კომისიის პრეზიდენტად. გასული წლის იანვარში კი პაპმა ფრანცისკემ პრევოსტს კარდინალობაც უბოძა.

პაპი ლეო მეთოთხმეტე პეტრეს კათედრაზე მღელვარე პერიოდში აღსაყდრდა, როგორც საეკლესიო, ისე გეოპოლიტიკური კუთხით. ალბათ, სწორედ ამან განაპირობა ისიც, რომ პირველი სიტყვით პაპმა ლეომ მსოფლიოს მშვიდობა უსურვა.
უკრაინასა და ღაზაში ომი გრძელდება, დაძაბულობაა ახლო აღმოსავლეთშიც, ხოლო პაკისტანი და ინდოეთი სრულმასშტაბიანი ომის დაწყების ზღვარზე არიან. მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე დგას უშუალოდ კათოლიკე ეკლესიაც. მსოფლიოს უდიდესი რელიგიური ორგანიზაცია, რომელსაც 1.4 მილიარდამდე მიმდევარი ჰყავს, არაერთ ქვეყანაში სეკულარიზმის კრიზისსა და სასულიერო კადრების დეფიციტს განიცდის. მორწმუნეთა გარკვეული ნაწილი კი ვატიკანისგან სხვადასხვა საკითხზე სწავლების შერბილებას ელის.
პრევოსტი მსოფლმხედველობის მხრივ აღსანიშნავია, რომ წარსულში იგი ქალი დიაკვნების დანიშვნას ეწინააღმდეგებოდა. 2023 წელს ამბობდა, რომ "ქალების სასულიერო პირებად დანიშვნა" ეკლესიის პრობლემებს არ მოაგვარებს და შესაძლოა, ახალი პრობლემებიც გააჩინოს. ამ კუთხით იგი თანხვედრაში იყო პაპი ფრანცისკეს პოზიციასთან.

ფრანცისკეს ხედვას პრევოსტი სინოდის გზისა და კლიმატის ცვლილების საკითხების მიმართებითაც იზიარებდა. მიიჩნევა, რომ ამერიკელი კარდინალი სინოდური გზის მტკიცე მხარდამჭერია. ის თვლის, რომ ამ გზით ეკლესიაში არსებული პოლარიზაციის აღმოფხვრაა შესაძლებელი. ხოლო კლიმატის ცვლილების შესახებ პრევოსტის აზრით, დროა, კათოლიკე ეკლესია "სიტყვებიდან მოქმედებაზე" გადავიდეს. პრევოსტი ეწინააღმდეგება შეუკავებელი ტექნოლოგიური განვითარების "დამაზიანებელ" შედეგებსა და ბუნებასთან "არატირანიული" ურთიერთობის იდეას ემხრობა.
პოლიტიკური შეხედულებების მხრივ აღსანიშნავია, რომ პრევოსტმა 2016, 2014 და 2012 წლებში რესპუბლიკური პარტიის 3 პრაიმერიზში მისცა ხმა. მან საყოველთაო არჩევნებში ხმა 2018 და 2024 წლებშიც მისცა, თუმცა ამჯერად რესპუბლიკურ პრაიმერიზში მონაწილეობის გარეშე.
ცნობისთვის, პრევოსტი არჩევნებში ხმის მისაცემად ჩიკაგოშია დარეგისტრირებული. ამიტომ, გასათვალისწინებელია, რომ ილინოისის შტატში ამომრჩევლებს არჩევნებზე ხმის მისაცემად პოლიტიკური პარტიის წევრად დარეგისტრირება არ უწევთ. თუმცა პრაიმერიზის არჩევნების დროს მათ შეუძლიათ, აირჩიონ, რომელი პარტიის ბიულეტენზე მისცემენ ხმას.

არავინ იცის, თუ რა გზით წაიყვანს ახალი პაპი კათოლიკე ეკლესიას. როგორი გამჭრიახი ხედვით, შემართებითა და სათნოებით წარმართავს იგი ქარიშხლიანი წყლებით აღსავსე მსოფლიოში მცურავ პეტრეს ნავს. გაგრძელდება თუ არა მისი პაპობა ისეთივე ისტორიულობით, როგორიც ეს მისი გამოცხადებისას ვიხილეთ, ამას მხოლოდ წლები გვიჩვენებს. თუმცა, ერთი რამ ცხადია: ისტორიის ახალი ფურცლების დაწერასთან ერთად, ლეო მეთოთხმეტე უნებურად განსაზღვრავს ფრანცისკეს მემკვიდრეობასაც.

როდესაც ფრანცისკემ პირველად რომსა და მსოფლიოს მიმართა, მან მორწმუნეებს ამცნო, რომ იმ დღიდან ეკლესია მგზავრობას იწყებდა და მომდევნო წლების განმავლობაში კათოლიციზმს ამ დასახულ გზაზე მიუძღვებოდა. მაგრამ ახლა ლეო მეთოთხმეტეს დრო მოვიდა. მეტი მიზანდასახულობით გაუყვება პაპი ლეო ამ გზას? თუ სხვაგან მიაპყრობს მზერას და იქითკენ გაეშურება? ან იქნებ სულაც გზის გასაყარზე დაბრუნდეს და ძველი გზით იაროს. არავინ იცის. თუმცა ფრანცისკეს მიერ შექმნილი მოცემულობის მიღებისა და მასზე დაშენების შემთხვევაში ლეო XIV ეკლესიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გარდაქმნითი ეპოქის წარმართვაზე პასუხისმგებლობაში იქნება თანაზიარი.