სააგენტო Reuters ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ 7 მაისს პაკისტანმა ჩინური J-10 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავით ორი ინდური ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო.
წყაროს თქმით, ჩამოგდებული ინდური თვითმფრინავიდან ერთ-ერთი ფრანგული წარმოების Rafale იყო.
პაკისტანის თავდაცვის მინისტრის, ხავაჯა მუჰამედ ასიფის განცხადებით, J-10 ტიპის თვითმფრინავმა სამი Rafale, ხოლო მთლიანობაში ხუთი ინდური თვითმფრინავი ჩამოაგდო.
ინდოეთი თვითმფრინავების დაკარგვას არ ადასტურებს.
ინდოეთის არმიის განცხადებით, მათ წარმატებული დარტყმები მიიტანეს პაკისტანის ტერიტორიაზე არსებულ "ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე".
ინდური მხარის მტკიცებით, პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა 8 და 9 მაისს ინდოეთის დასავლეთ საზღვარზე მრავალი მიმართულებით დრონებითა და სხვა საბრძოლო საშუალებებით იერიში მიიტანეს.
"დრონებით თავდასხმები ეფექტიანად იქნა მოგერიებული, ხოლო ცეცხლის შეწყვეტის დარღვევებს შესაბამისი პასუხი გაეცა". - ნათქვამია ინდოეთის არმიის განცხადებაში.
პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა, ატაულა ტარარმა ინდოეთის არმიის განცხადებას "უსაფუძვლო და შეცდომაში შემყვანი" უწოდა და აღნიშნა, რომ პაკისტანს შეტევითი ქმედებები არ განუხორციელებია.
ინდოეთის სასაზღვრო უსაფრთხოების ძალების განცხადებით, 8 მაისის ღამეს ქაშმირის სამბას რეგიონში "მასშტაბური შეღწევის მცდელობა" აღკვეთეს.





