დაძაბულობა პაკისტანსა და ინდოეთს შორის

მინისტრი ადასტურებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად ჯამუ და ქაშმირის რეგიონზე შეტევაა

ინდოეთის მიერ კონტროლირებადი ჯამუ და ქაშმირის რეგიონის მთავარი მინისტრი ომარ აბდულა ადასტურებს, რომ რამდენიმე საათის წინ ინდოეთსა და პაკისტანს შორის გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიუხედავად, რეგიონზე შეტევა მიმდინარეობს. 

მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რეგიონის ქალაქ სრინაგარში აფეთქებების ხმა ისმოდა. აბდულამ X-ზე შეტევის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა. 

"რა მოუვიდა ცეცხლის შეწყვეტას? სრინაგარში აფეთქებების ხმა ისმის". - წერს ინდოელი მინისტრი. 

აბდულას თქმით, შეტევის საპასუხოდ, საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა მოქმედება დაიწყეს. 

"ეს ცეცხლის შეწყვეტა არ არის. სრინაგარის შუაგულში საჰაერო თავდაცვის სისტემები ახლახან ამოქმედდნენ". 

ცოტა ხნის წინ Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე საათის წინ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ინდოეთის ქალაქ ჯამუზე დრონებით შეტევა მიმდინარეობდა. 

თვითმხილველების თქმით, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა. 

სოციალურ ქსელებში გავრცელდა სავარაუდო შეტევის ამსახველი ვიდეოებიც, რომლებშიც აფეთქებების ხმა ისმის. 

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს, რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ პაკისტანმა და ინდოეთმა აშშ-ს შუამავლობით სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს.

"აშშ-ს შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების ხანგრძლივი ღამის შემდეგ, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. ვულოცავ ორივე ქვეყანას გონივრულობისა და ინტელექტის გამოჩენას". - წერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრს იშაქ დარს ტელეფონით ესაუბრა და სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა.

"სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართა პაკისტანის ვიცეპრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, იშაქ დართან. სახელმწიფო მდივანმა რუბიომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ორივე მხარემ უნდა იპოვოს გზები არსებული სიტუაციის დეესკალაციისთვის და პირდაპირი კომუნიკაციის აღდგენისათვის, რათა თავიდან იქნას აცილებული არასწორი გათვლები".- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პაკისტანის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ 10 მაისს დილით ინდოეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს.

საპასუხო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პაკისტანის მტკიცებით, ინდოეთმა სამ სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანა. მათ შორის, რავალპინდიში, ისლამაბადთან ახლოს, დანარჩენი ორზე კი აღმოსავლეთ პენჯაბში, ინდოეთის საზღვართან.

პაკისტანის არმიის წარმომადგენლის განცხადებით, 10 მაისის ღამეს ინდოეთმა ბალისტიკური რაკეტები გაისროლა, რომლებიც ინდოეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა

კომენტარები