დაძაბულობა პაკისტანსა და ინდოეთს შორის

CNN: ვენსმა შესაძლო ესკალაციის შესახებ მოდის შეატყობინა და პაკისტანთან დაკავშირება ურჩია

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი (მარცხნივ) და ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი
India's Press Information Bureau/Handout via REUTERS

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი 9 მაისს საგანგაშო სადაზვერვო ინფორმაციის მიღების შემდეგ ინდოეთის პრემიერმინისტრს დაუკავშირდა, რათა პაკისტანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დაეწყო. 

გამოცემის ცნობით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები, მათ შორის, ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩევლის მოვალეობის შემსრულებელი მარკო რუბი და თეთრი სახლის აპარატის უფროსი სუზი უაილსი ახლოდან აკვირდებოდნენ ინდოეთსა და პაკისტანს შორის სამხედრო დაპირისპირების ესკალაციას. 

9 მაისს კი, CNN-ის ანონიმური წყაროების თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ სადაზვერვო ინფორმაცია მიიღო, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავებას მოასწავებდა. ინდოეთსა და პაკისტანს შორის შუამავლობის პროცესში ტრამპის ადმინისტრაციის აღნიშნული სამი მაღალჩინოსანის ჩართულობა სწორედ ამ სადაზვერვო მონაცემებმა განაპირობა. 

ანონიმური ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, ჯეი დი ვენსმა ინდოეთის პრემიერმინისტრს 9 მაისს, შუადღისკენ თავად დაურეკა მას შემდეგ, რაც ტრამპს გეგმა გააცნო. წყაროების ცნობითვე, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა ნარენდრა მოდის სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ თეთრი სახლის ვარაუდით, შაბათ-კვირას დრამატული ესკალაციის მაღალი ალბათობა არსებობდა. 

ვენსმა მოდის ურჩია, რომ მის ქვეყანას პაკისტანთან პირდაპირი კომუნიკაცია დაეწყო და დეესკალაციის შესაძლებლობები განეხილა. მოდისთან საუბრისას ვენსმა ასევე განიხილა ის დიპლომატიური გზები, რომელთა გამოყენებაც ინდოეთს შეეძლო, რათა პაკისტანს დეესკალაციაზე თანხმობა განეცხადებინა. 

ზარის შემდეგ, როგორც CNN წერს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის, რუბიომაც, მთელი ღამის განმავლობაში პაკისტანელ და ინდოელ კოლეგებთან სატელეფონო მოლაპარაკებები დაიწყეს. 

წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციას 10 მაისს კონფლიქტის ორ მხარეს შორის გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია – ადმინისტრაციის მიერ შესრულებულ როლს ინდოეთსა და პაკისტანს შორის კომუნიკაციის დაწყების ხელშეწყობა წარმოადგენს. თუმცა აშშ-ს პერსპექტივით, ვენსის ზარი მოდისთან კონფლიქტის კრიტიკულ მომენტში განხორციელდა. 

ცნობისთვის, ჯეი დი ვენსმა 8 მაისს განაცხადა, რომ ინდოეთსა და პაკისტანს შორის შესაძლო ომის დაწყება "ჩვენი საქმე არ არის". 

"ჩვენ გვსურს ამ რაღაცის დეესკალაცია რაც შეიძლება, მალე მოხდეს. მაგრამ ამ ქვეყნებს ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ. 

რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ ეს ხალხი დეესკალაციაზე წავახალისოთ, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ისეთი ომის შუაგულში ჩართვას, რომელიც ჩვენი საქმე ფუნდამენტურად არ არის და აშშ-ს შესაძლებლობასთან, გააკონტროლოს ის, არაფერი ესაქმება". - თქვა ვენსმა. 

10 მაისს აშშ-ს შუამავლობით ინდოეთმა და პაკისტანმა სრული და დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. ამის თავდაპირველად აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. 

თუმცა მალევე, 10 მაისის საღამოს ინდოეთის მიერ კონტროლირებადი ჯამუ და ქაშმირის რეგიონზე სამხედრო შეტევა განხორციელდა, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატებით. 

 

კომენტარები