რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინამ 6 მაისის ღამით რუსეთის 11 რეგიონზე, მათ შორის, მოსკოვზე დრონებით მასობრივი იერიში მიიტანა.
მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი საკუთარ Telegram-არხზე წერს, რომ მოსკოვის რეგიონში, სულ მცირე, 19 დრონი ჩამოაგდეს. ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ, სულ მცირე, ერთ-ერთი მათგანი მოსკოვში საცხოვრებელ სახლთან ჩამოვარდა, რის შედეგადაც ადგილობრივი მაღაზიის ფანჯარა ჩაიმსხვრა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით,11 რეგიონში ჯამში 105 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
სობიანინმა ღამის განმავლობაში დრონების იერიშის შესახებ ხუთჯერ დაწერა. მოსკოვის მერის მტკიცებით, დრონების ჩამოვარდნის ადგილზე სერიოზულად არაფერი დაზიანებულა და არავინ დაშავებულა.
როსავიაციის თანახმად, 6 მაისის ღამის განმავლობაში იერიშის ფონზე მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა დროებით შეწყვიტა. დროებით გაჩერდა აეროპორტები სხვა რეგიონებშიც.