რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომზე: აშშ ერთ მხარესთან უფრო ახლოსაა შეთანხმების მიღწევის მხრივ

Jim Watson/AFP/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში აშშ ერთ მხარესთან უფრო ახლოსაა შეთანხმების მიღწევის მხრივ, ვიდრე - მეორესთან. მან ასევე კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ვერ დადების შემთხვევაში, აშშ კონფლიქტთან მიმართებით პოლიტიკას შეცვლის. 

"ჩემი აზრით, უფრო ახლოს ვართ ერთ მხარესთან [შეთანხმების დადების მხრივ] და ალბათ, არც ისე ახლოს მეორე მხარესთან, მაგრამ ვნახოთ. არ მინდა იმის თქმა, თუ რომელთან უფრო ახლოს ვართ, მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ამერიკელი ხალხისთვის. ჩვენ შევძელით იშვიათი წიაღისეულის მიღება [...]" - თქვა ტრამპმა. 

კითხვაზე, თუ რა ვადას აძლევს იგი მხარეებს შეთანხმების მისაღწევად, რის შემდეგაც აშშ დატოვებს მოლაპარაკებების პროცესს, ტრამპმა უპასუხა, რომ: “მოვა დრო, როცა ვიტყვი "კარგი, ასე გააგრძელეთ სისულელეების კეთება და ბრძოლა.""

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ სად მდებარეობს წითელი ხაზი, რომლის შემდეგაც იგი პოლიტიკას შეცვლის, აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ "მოვა დრო, როდესაც შესაძლოა ეს ვთქვა და თუ ამას ვიზამ... შესაძლოა, შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. რომ გესმოდეთ, ძალიან დიდი სიძულვილია ამ ორ კაცს შორის და ზოგიერთ სამხედროს შორის, გენერლებს შორის, ისინი ძლიერად იბრძვიან უკვე მესამე წელია. ჩემი აზრით, ძალიან კარგი შანსი გვაქვს ამის გაკეთების [შეთანხმების დადების]".

კომენტარები