ავღანეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზამირ კაბულოვმა, РИА Новости-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის ავღანეთში თალიბებს ტერორიზმთან ბრძოლაში დაეხმაროს.
კაბულოვის თქმით, რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლითაც თალიბანის საქმიანობაზე დაწესებული აკრძალვა დროებით შეჩერდა, მოხსნა ის ბარიერები, რომლებიც სრულფასოვანი პარტნიორობის ჩამოყალიბებას აფერხებდნენ.
"ჩვენ ვხედავთ და ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რასაც თალიბები ISIS-ის ქვედანაყოფის, ხორასნის ვილაიეთის წინააღმდეგ ბრძოლაში იჩენენ". - თქვა კაბულოვმა.
მისი თქმით, ეს დაჯგუფება წარმოადგენს "საერთო მტერს როგორც რუსეთისთვის, ისე ავღანეთისთვის".
კაბულოვმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთი ავღანეთის ხელისუფლებას შესაბამისი უწყებების ხაზით დახმარებას გაუწევს.
მანამდე რუსეთის უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის ადმინისტრაციული სარჩელი და რუსეთის ტერიტორიაზე თალიბანის საქმიანობის აკრძალვა შეაჩერა.
"რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერებულია აქამდე დადგენილი აკრძალვა მოძრაობა თალიბანის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც შეტანილია ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულთა ერთიან ფედერალურ სიაში," – განაცხადა სასამართლოს გადაწყვეტილება მოსამართლე ოლეგ ნეფედოვმა.





