უკრაინელ აქტივისტსა და მოხალისეს, სერგეი სტერნენკოს ქალმა ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა. სტერნენკო თავდასხმის შედეგად დაშავდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში უკრაინელი აქტივისტი წერს, თავდამსხმელი ქალი უკვე დააკავეს.
"ისინი ჩემზე მუშაობდნენ. ტყვიამ გაიარა, თუმცა მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიმიღია. ვცდილობ, გამოვფხიზლდე. [...] ძალიან იღბლიანი ვარ, რომ დაზიანება ასეთი [მცირე] აღმოჩნდა". - წერს სტერნენკო.
აქტივისტმა სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს.
"რომ არა ისინი, ვერაფრის დაწერას ვეღარ შევძლებდი. მათ, ფაქტობრივად, ჩემი სიცოცხლე გადაარჩინეს". - ამბობს აქტივისტი.
1-ელ მაისს უკრაინული გამოცემა Ukrainska Pravda-ს მიერ გამოქვეყნებული ვიდეო აჩვენებს, რომ ქალი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის სიახლოვეს დგას, სტენენკოს ამ შენობიდან კიდევ 2 მამაკაცთან ერთად გამოსვლისას ცეცხლს უხსნის.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, თავდასხმა ცეცხლსასროლი იარაღით სტერნენკოს მკვლელობის მცდელობა იყო.
ქალს, რომელმაც აქტივისტის მკვლელობა სცადა, კიევში ბინა იმავე საცხოვრებელ რეზიდენციაში ჰქონდა ნაქირავები, რომელშიც სტერნენკო ცხოვრობდა. უკრაინის სამართალდამცავი უწყებების ცნობით, თავდამსხმელი სტერნენკოს აქტიურად უთვალთვალებდა.
არსებული ცნობებით, 1979 წელს ოდესის ოლქში დაბადებულმა, თუმცა კიევში რეგისტრირებულმა ქალმა მკვლელობის მცდელობის სანაცვლოდ, სავარაუდოდ, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებისგან მიიღო თანხა.
30 წლის სერგეი სტერნენკო ცნობილი აქტივისტია, რომელიც უკრაინის არმიასაც ეხმარება. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ, როგორც Kyiv Independent წერს, სტერნენკომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უპილოტო საფრენი აპარატების პოპულარიზაციასა და უკრაინის არმიისთვის მათი და სხვა ტიპის აღჭურვილობის შესყიდვის მიზნით თანხების შეგროვებაში. მიმდინარე წლის იანვარში აქტივისტმა ფონდი დააფუძნა, სახელად Sternenko Community Foundation.
როგორც სტერნენკოს ფონდი ამბობს, ის უკრაინის არმიის ყველაზე მსხვილი არასამთავრობო მომმარაგებელია დრონებით. მათივე თქმით, ფონდმა უკრაინული ძალების დასახმარებლად დღემდე 176 000 დრონი შეიძინა.
სტერნენკოს YouTube-არხიც აქვს, რომელსაც 2 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, მის Telegram-არხს კი - 840 000-ზე მეტი მკითხველი.
ცნობისთვის, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც აქტივისტს თავს დაესხნენ.





