წულუკიანის კომისია

რა ნაბიჯიც იქნება ბრძოლისათვის ყველაზე ეფექტური, იმ ნაბიჯს გადავდგამთ – მელია გირაოზე

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, რომელსაც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა ამბობს, რომ გადაიხდის თუ არა ჯარიმას, ამ შეკითხვაზე პასუხი "იმ სწორ პერიოდში გვექნება, როცა ამის დრო დადგება, 30 დღით ადრე ამაზე საუბარი ბევრი მიზეზის გამო არ მსურს". 

როგორც მელია განმარტავს, ის და მისი თანაგუნდელები იმ ნაბიჯს გადადგამენ, რაც საერთო ბრძოლისთვის ყველაზე ეფექტური იქნება. 

მელიას გარდა, იგივე მიზეზით აღძრულ საქმეებზე, ნიკა გვარამიას 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს კი 20 000-ლარიანი.

"რა ნაბიჯიც იქნება ბრძოლისათვის ყველაზე ეფექტური, იმ ნაბიჯს გადავდგამთ. მე პატიმრების მშობლებს, როდესაც შევხვდი რამდენიმე კვირის წინ, ვთქვი ასეთი ფრაზა: პოლიტიკოსისთვის, დღეს ციხეში ყოფნა ფუფუნებაა. ფუფუნებაა, წამოკოტრიალდი იქ, არანაირი ვალდებულება არ გაქვს. მეგობრები გარეთ იბრძვიან და შენ უბრალოდ მოკლებული ხარ ოჯახის სითბოსა და შენს თანამებრძოლებსაც, ეს მძიმეა, მაგრამ თუკი გაქვს შენ იმის განცდა, რომ გარეთ ყოფნით შეგიძლია მეტი ზიანი მიაყენო რეჟიმს, აქედან გამომდინარე არის მსჯელობა საჭირო და გადაწყვეტილებაც აქედან უნდა მივიღოთ". - თქვა მელიამ TV პირველის ეთერში.

შეკითხვაზე - უფიქრია თუ არა აქამდე ჯარიმის გადახდაზე, მელიამ უპასუხა, რომ უფიქრია, თუმცა აღნიშნა, რომ თავის გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულია, თუმცა ამაზე საუბარი ახლა არ სურს.

"როგორ არ მიფიქრია, პირდაპირ გეუბნებით, ინდივიდუალურია ყველაფერი, ციხეში ყოფნა ფუფუნებაა, ვარ ნამყოფი და არ ვიცოდი, იქ კარები რომ მოგვიხურეს, 2 დღეში მივხვდი, რომ პრობლემა არ არის, წლებიც გავძლებდი, მაგრამ მიზანი და ამოცანა, რომელიც გვაქვს - ამ ქვეყანაში ცვლილებები, ამ ცვლილებებმა მერე უნდა შეიძინონ პოზიტიური შინაარსი, ერთი დამარცხდეს და მეორემ გაიმარჯვოს მხოლოდ ეს ხომ არ გვინდა, მაგრამ ვთანხმდებით, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის დასამარცხებელი.

მიზანი და ამოცანა არის უცვლელი, ამ მიზანს და ამოცანას რა ნაბიჯიც მოუხდება და რა ნაბიჯის გადადგმასაც გადავწყვეტთ, მე, ნიკა გვარამიაც და ზურა ჯაფარიძეც იმ ნაბიჯს გადავდგამთ. ჩვენ ჩამოყალიბებულები ვართ, უბრალოდ არ მგონია 30 დღით ადრე ივანიშვილის მონურ მორჩილებაში მყოფ ადამიანებს ცხადად უნდა ვუთხრათ, რა ნაბიჯს გადავდგამთ". - თქვა მელიამ.

ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" მიუსვლელობის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს. ასევე 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს. 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული გივი თარგამაძეს. 20 000-ლარიანი გირაო აქვს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. კოალიციის კიდევ ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.

კომენტარები