სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ე.წ. "ფონდების საქმეზე" მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს ეხმიანება და წერს, რომ " სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, წინასწარ შეაფასოს ვითარება და არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო".
სახალხო დამცველი ეხმიანება ე.წ. "ფონდების საქმეზე" მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, სადაც იმყოფებოდნენ არასრულწლოვნები.
"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იქნას გატარებული არასრულწლოვნებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. რა მიზნითაც სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, წინასწარ შეაფასოს ვითარება და არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო. ხოლო, წინასწარ გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვევაში, არასრულწლოვანი დროულად განარიდოს მიმდინარე პროცესებს, მისი ოჯახის წევრის, ახლობლის ან სანდო პირის ჩართულობით, აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის ჩართვა.
სახალხო დამცველი შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს და ექნება ყველა შესაბამისი რეაგირება, უფლებამოსილების ფარგლებში". - წერს იოსელიანი.
ცნობისთვის, დღეს პროკურატურამ "საბოტაჟის მუხლით" დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩაატარა სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძესთან, რომელიც 6 თვის ორსულია, ამასთან ერთად, ჩხრეკის დროს სახლში იმყოფებოდა ბაჯელიძის 7 წლის შვილიც
პროკურატურა ჩხრეკაზე ასევე შევიდა ნანუკას ფონდის დამფუძნებელ ნანუკა ჟორჟოლიანთან, ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორ ალეკო ცქიტიშვილთან, სამოქალაქო აქტივისტ მარიამ გეგუჩაძესთან და ფონდი ერთმანეთისთვის 24/7-ის დამფუძნებელი, გუგა ხელაიასთან და ლუკა არველაძესთანაც.
პროკურატურამ განცხადება გაავრცელა დილიდან მიმდინარე ჩხრეკებთან დაკავშირებით, სადაც წერს, რომ ჩხრეკებს შაქარაშვილის ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე დაწყებული "გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით" ახორციელებენ.
18 იანვარს, ივანიშვილის სატელიტმა მოძრაობამ, ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ პროკურატურას "პოლიტიკური ველის ჯაშუშებისგან გასაწმენდად" განცხადებით მიმართა.
სატელიტების მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ 8 თებერვალს გამოძიება დაიწყო.
ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააყადაღეს რამდენიმე ფონდი, რომლებიც, მათ შორის, აქციების დროს დაკავებულ მოქალაქეებს დახმარებას უწევდნენ.





