ლევან იოსელიანი

იოსელიანი: გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო უნდა იყოს

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი დადიანის ქუჩაზე, მე-10 სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლების აქციის დროს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. ომბუდსმენის თქმით, მნიშვნელოვანია, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო იყოს უზრუნველყოფილი.

"სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას ბავშვებისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო.

ამასთან, აუცილებელია, დროულად დადგინდეს იმ მანქანის მძღოლის ვინაობა, რომელმაც საფრთხე შეუქმნა პროტესტის მონაწილეებს და მას შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს". - წერია იოსელიანის განცხადებაში.

იოსელიანის თქმით, მისი აპარატი ბავშვების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას მათი უსაფრთხოებისა დაცვის საკითხს შეისწავლის.

"აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი უკვე სწავლობს ბავშვებისთვის ხარისხიანი და უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობას, რასთან დაკავშირებითაც სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები პროტესტს გამოხატავენ. საკითხის შეფასებისთვის საჭირო ინფორმაცია განათლების სამინისტროსგან გამოვითხოვეთ. მოცემულ ეტაპზე, წარმოება გრძელდება". - წერს სახალხო დამცველი.

29 ოქტომბერს, თბილისში, დადიანის ქუჩაზე, მე-10 სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლების აქციის დროს, მათთან ახლოს მანქანის მძღოლმა გადაადგილების წესები უხეშად დაარღვია და ახლოს მდებარე მანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც ის შემთხვევის ადგილიდან წავიდა. მოქალაქეების ცნობით, მანქანა პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელსაც დაეჯახა.

მე-10 სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები სკოლის მშენებლობის დროულად დასრულებას ითხოვენ. 

კომენტარები