ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი: ჩვენთვის ძვირფასია სიცოცხლე და არა აღლუმი, ცეცხლი 8 მაისამდე უნდა შეწყდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Tetiana Dzhafarova/AP Photo/picture alliance

"ჩვენთვის ძვირფასია სიცოცხლე და არა აღლუმი. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, სამყაროს მიაჩნია, რომ 8 მაისის ლოდინის საბაბი არ გვაქვს.

ცეცხლი უნდა შეწყდეს არა რამდენიმე დღით, რომ ისევ განახლდეს, არამედ დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ – მინიმუმ 30 დღით". – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკი ამ სიტყვებით ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, 8-დან 11 მაისის ჩათვლით, 9 მაისის 80-წლისთავთან დაკავშირებით, რუსული მხარე ფრონტის ხაზზე ცეცხლს შეწყვეტს. 

რუსეთმა მსგავსად თქვა, რომ ცეცხლს შეწყვეტდა აღდგომის დღეებში, თუმცა რამდენიმე საათში განაახლა იერიშები უკრაინის ტერიტორიაზე. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ალექსანდრ სირსკის მოხსენებაზე დაყრდნობით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსებმა "სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა" 30 საათის განმავლობაში 2935-ჯერ დაარღვიეს.

პუტინის დაპირებას უპასუხა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ:

"რა საჭიროა 8 მაისამდე მოცდა? თუ უკვე ცეცხლის შეწყვეტა და სიჩუმის ნებისმიერი 30 დღით შენარჩუნება შესაძლებელია – ეს იქნება რეალური ნაბიჯი და არა აღლუმთან დაკავშირებული ჟესტი".

გარდა ამისა, განცხადება გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმაც:

"პრეზიდენტი (პუტინი) ჰუმანიტარული ხასიათის მოსაზრებებით ხელმძღვანელობს. ეს არის რუსეთის სახელმწიფოს კეთილი ნება".

კომენტარები