28 აპრილს, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 9 მაისის 80-წლისთავთან დაკავშირებით 8-11 მაისს რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს.
რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი:
"პრეზიდენტი (პუტინი) ჰუმანიტარული ხასიათის მოსაზრებებით ხელმძღვანელობს. ეს არის რუსეთის სახელმწიფოს კეთილი ნება".
კრემლში ასევე აღნიშნეს, რომ უკრაინის მხრიდან ე.წ. 9 მაისის ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში რუსეთი "მეტოქეს ადეკვატურ და ეფექტურ პასუხს გასცემს".
რუსეთმა მსგავსად თქვა, რომ ცეცხლს შეწყვეტდა აღდგომის დღეებში, თუმცა რამდენიმე საათში განაახლა იერიშები უკრაინის ტერიტორიაზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ალექსანდრ სირსკის მოხსენებაზე დაყრდნობით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსებმა "სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა" 30 საათის განმავლობაში 2935-ჯერ დაარღვიეს.
პუტინის დაპირებას უპასუხა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ:
"რა საჭიროა 8 მაისამდე მოცდა? თუ უკვე ცეცხლის შეწყვეტა და სიჩუმის ნებისმიერი 30 დღით შენარჩუნება შესაძლებელია – ეს იქნება რეალური ნაბიჯი და არა აღლუმთან დაკავშირებული ჟესტი".





