რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ლავროვის თქმით, უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ნაწილად აღიარება "იმპერატივია"

სერგეი ლავროვი
Photo: Handout/RUSSIAN FOREIGN MINISTRY/AFP

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრაზილიურ გაზეთთან ინტერვიუში თქვა, რომ, ყირიმთან ერთად, უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებული რეგიონების - დონეცკის, ლუგანკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების რუსეთის ნაწილად გამოცხადება უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებისთვის "იმპერატივია". ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემა ავრცელებს

"ყირიმის, სევასტოპოლის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების რუსეთის ნაწილად გამოცხადება კიდევ ერთი იმპერატივია. ყოველი პირობა, რომელსაც კიევი დადებს, იურიდიულად სავალდებულო და პერმანენტული უნდა იყოს და შეიცავდეს აღსრულების მექანიზმებს". - თქვა ლავროვმა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კვლავ გაიმეორა ის მოთხოვნები, რომლებიც მოსკოვს ომის დასასრულებლად აქვს, მათ შორის, "კიევის არგაწევრიანება NATO-ში" და "ნეიტრალური სტატუსი"; ამასთან, "ნეო-ნაცისტური რეჟიმის დასრულება, რომელიც ძალაუფლებაში 2014 წლის თებერვლის პუტჩით მოვიდა". 

"უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია ასევე დღის წესრიგშია - [რუსეთისთვის დასავლური] სანქციების მოხსნასთან, სარჩელების გაწვევასთან და დაკავების ორდერების გაუქმებასთან ერთად. [დღის წესრიგშია] რუსული აქტივების დაბრუნებაც, რომლებიც დასავლეთში ე.წ. გაყინვას ექვემდებარება". - დაამატა მინისტრმა. 

ლავროვის თქმით, რუსეთი ასევე შეეცდება "უსაფრთხოების მყარი გარანტიების" მიღებას, რათა თავი დაიცვას ნებისმიერი საფრთხისგან, რომელიც "ჩვენს დასავლეთ საზღვართან NATO-ს, ევროკავშირის და რამდენიმე წევრი სახელმწიფოს მტრული ქმედებებისგან მოდის". 

ცნობისთვის, Reuters-ის მიერ 25 აპრილს გამოქვეყნებული სამშვიდობო გეგმა, რომელიც ამერიკულმა მხარემ პარიზში 17 აპრილს გამართულ შეხვედრაზე უკრაინულ და ევროპულ მხარეს წარუდგინა, აჩვენებს, რომ ვაშინგტონი ომის დასრულების ერთ-ერთ გზად ყირიმის აღიარებას განიხილავს.

ამასთან, 27 აპრილს, ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლოდროინდელი განცხადებების საპირისპიროდ, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის ფიქრობს, უკრაინის პრეზიდენტი ყირიმის რუსეთისთვის დათმობისთვის მზადაა. ამის შესახებ კომენტარი ტრამპმა ნიუ ჯერსის აეროპორტში რეპორტიორებთან საუბრისას გააკეთა. 

რეპორტიორის შეკითხვაზე, ფიქრობდა თუ არა იგი, რომ ზელენსკი რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირებული ნახევარკუნძულის "დათმობისთვის მზად იყო", აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა: "დიახ, ასე ვფიქრობ". 

"ყირიმი 12 წლის წინ იყო, [მაშინ] პრეზიდენტი ობამა იყო. მათ [ყირიმი] გასროლის გარეშე დათმეს, ამიტომ მე არ მელაპარაკოთ ყირიმზე - ელაპარაკეთ ბაიდენსა და ობამას". - თქვა ტრამპმა. 

საპირისპიროდ ტრამპის კომენტარისა, უკრაინის პრეზიდენტმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ კიევი, მოსკოვთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ძალისხმევის ფარგლებში, აშშ-ს მიერ ოკუპირებული ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებას არ დათანხმდებოდა. ზელენსკიმ თქვა, რომ ტერიტორია "უკრაინელი ხალხის საკუთრებაა". 

 

კომენტარები